სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1 886 საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შესამოწმებელ ბაღებს შორის 1 645 საჯარო და 241 კერძო ბაღია. სასწავლო წლის დაწყებამდე სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებსა და სამზარეულოებს ამოწმებს. ინსპექტორები აფასებენ, რამდენად არის მოწესრიგებული სივრცე, სადაც ბავშვებისთვის საკვები მზადდება და აკმაყოფილებს თუ არა ის სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნებს.
თბილისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის ინსპექტორები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად კვების ბლოკების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციებს გასცემენ.
სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზოგად ჰიგიენას, ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის მოწესრიგებულობას, სამზარეულოს აღჭურვილობას, სათანადო ტემპერატურულ რეჟიმს, სასმელი წყლის უვნებლობასა და კვების პერსონალის მზადყოფნას.
უწყების განმარტებით, ეს ის ძირითადი პირობებია, რომლებიც სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებმა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად უნდა დააკმაყოფილოს.
























