მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სურვილი გვაქვს, გავცდეთ თბილისს და ტურისტულ რეგიონებში გავიდეთ” - “Wine Not?” ღვინის ბარი

wine not

2019 წელს დაფუძნებული ღვინის ბარ-რესტორანი “wine not?” 300-ზე მეტი მცირე და საშუალო მარნის ღვინოსა და ქართულ სამზარეულოს აერთიანებს და თბილისში ორი ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის შექმნის იდეასა და კონცეფციაზე BMG-ის ეთერში “ვაინ ნოთის” თანადამფუძნებლები საუბრობენ.

“5 წლის წინ გადავწყვიტეთ, ჩვენი პროექტი გაგვეკეთებინა, ვიფიქრეთ “რატომაც არა?!” და ღვინოსთან კავშირი სახელში თავისთავად მოვიდა - Wine Not? - თითოეულ ადამიანს შეუძლია, ეს სახელი თავისებურად გაიგოს, ინტერპრეტაცია მისცეს, რის გამოც ბევრი კომპლიმენტიც მიგვიღია.

სახელის გარდა, ჩვენი კონცეფცია აერთიანებს 300-ზე მეტი მწარმოებლის ღვინოს, ძირითადი აქცენტი კი მცირე და საშუალო მარნებზე გვაქვს. თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გაგვეკეთებინა საყვარელი სივრცე ღვინის მოყვარულებისთვის, სადაც უცხოელი და ქართველი მომხმარებლები შეიკრიბებოდნენ და აღმოაჩენდნენ განსხვავებულ, ქართულ გემოებს”, - ამბობს ნინო აბულაძე.

დამფუძნებლების განმარტებით, “ვაინ ნოთის” კონკრეტული უპირატესობა დეგუსტაციის განსხვავებული პროცესია, რომელსაც ბარი სტუმრებს სთავაზობს. ნინო აბულაძის განმარტებით, ადგილზე ნებისმიერი სახეობის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი, თითოეული სახეობა კი ინდივიდუალური ჭიქითაა ხელმისაწვდომი.

იმ შემთხვევაში, თუ მეღვინეს საკუთარი პროდუქტის რეალიზება “ვაინ ნოთის” სივრცეში სურს, ნინო ჭყოიძის განმარტებით, საკმარისია მხოლოდ ბართან დაკავშირება და სადეგუსტაციო ღვინის წარდგენა.

“პირველ რიგში, გვიკავშირდებით ნებისმიერი არხით, მათ შორის სოციალური ქსელებით, სადაც ყველა პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი. შემდეგი ეტაპი უკვე არის ჩვენთვის ღვინის დატოვება, რომელიც ჩვენი სომელიეების მონაწილეობით გადის გარკვეულ ტესტირებას, დეგუსტაციას. ვაფასებთ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით - ხარისხს, შეფუთვას, კატეგორიას, სეგმენტს - თუ სად შეიძლება ჩაჯდეს ის ღვინოების ასორტიმენტში და ა.შ.

თავდაპირველად ჩვენი ღვინის მენიუ თაზო თამაზაშვილმა და ნიკა თინაშვილმა შეადგინეს - რადგან ბიზნესი როგორც ღვინის მოყვარულებმა, ისე დავიწყეთ. ახლა უკვე ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები გვეხმარებიან და მთლიანად გუნდია ჩართული ამ პროცესში”, - ამბობს ნინო ჭყოიძე.

“ვაინ ნოთის” ბარ-რესტორნები ამჟამად მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა მისი დამფუძნებლები გეგმავენ, რომ ბრენდი დედაქალაქის ფარგლებს გასცდეს და ტურისტულად დატვირთულ რეგიონებში, მაგალითად, ბათუმში გავიდეს. გარდა ამისა, “ვაინ ნოთის” დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ მათი კონცეფცია საქართველოს საზღვრებსაც დატოვებს და პირველად, სავარაუდოდ, უნგრეთში ამოქმედდება: “ერთმანეთი ბუდაპეშტში გავიცანით, სადაც ორივენი მაგისტრატურაზე ვსწავლობდით, იდეაც სწორედ იქ დაიბადა და გვინდა, რამე ფორმით დავბრუნდეთ უკან”.

“ვაინ ნოთი” თიბისი ბანკის ბიზნესის პროექტის მონაწილეცაა. როგორც ნინო აბულაძე აღნიშნავს, ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობამ ბარს მასშტაბების ზრდასა და ახალი ფილიალის გახსნაში შეუწყო ხელი.

“პირველი ფილიალი 2019 წელს გავხსენით, და, შეიძლება ითქვას, რომ მალევე გახდა პოპულარული, დიდი ინტერესიც გამოიწვია, რადგან იმ დროს ბევრი ღვინის ბარი არ არსებობდა თბილისში.. ამ ყველაფერმა 4 წლის შემდეგ მოგვცა იმის საშუალება, რომ მეორე ფილიალზე გვეფიქრა, რაც უფრო დიდ მასშტაბებს საჭიროებდა. ზუსტად ამ ნაწილში დაგვჭირდა თიბისი ბანკის მხარდაჭერა და სწორედ აქედან გამომდინარე შევძელით მეორე ფილიალის გახსნა, სადაც არა მხოლოდ ღვინოსა და ყველის/ხემსის დაფებს ვთავაზობთ სტუმრებს, არამედ გვაქვს ქართული სამზარეულოც”, - ამბობს ნინო აბულაძე.

“ვაინ ნოთის” ღვინის ბარი პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ქართული ბარ-რესტორანი კი გუდიაშვილის მოედანზეა გახსნილი.

რაც შეეხება, თიბისი ბანკის პროექტს, “თიბისი ბიზნესისათვის”, მისი მთავარი მესიჯია: “ერთად ქვეყნის მამოძრავებელი ძალა ვართ”. მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების სეგმენტში ბანკი 35%-იან წილს ფლობს, რითაც ის ბაზრის ლიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები