მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ათობით კომპანიაში შევიდა;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ათობით განჩინების საფუძველზე FMCG სექტორის ათობით კომპანიიდან საბუთების ამოღების პროცედურა დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად, სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებიდან დოკუმენტების ამოღების მიზნით პროცედურები დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც. სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს თავად უმასპინძლეს. როგორც უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით ხდება.

როგორც ტვ პირველთან აგროჰაბის დირექტორი აღნიშნავს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პროგრამული ბაზები მოითხოვეს, რასაც კომპანია თარიღების მიხედვით მოამზადებს და საგამოძიებო სტრუქტურას გადასცემს. გიორგი ჯაშიაშვილის თქმით, ინტერესი ყველა ტიპის დოკუმენტაციის მიმართ არის, მათ შორის რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი.

განცხადება გაავრცელა “რითეილ ასოციაციამაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე, ასოციაციის წევრ კომპანიებს მიმართა და გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები გამოითხოვა.

ეფემსიჯი სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა პრემიერმა დეკემბერში დააანონსა. ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. გასული წლის მიწურულს კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. მოგვიანებით კომისიის მანდატში მედიკამენტებზე ფასების და საწვავის ღირებულების ადექვატურობსი შესწავლაც შევიდა, პირველი სხდომა კომისიის წევრებმა 20 იანვარს გამართეს და საჯარო ინფორმაციის მიხედვით სამოქმედო გეგმაც შემუშავდა.

ერთი დღის შემდეგ 21-ში მთავრობის ადმინისტრაციაში "ფასების სამთავრობო კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორის ფასების შემცირების შესახებ სახელმწიფოს ხედვას იზიარებს. ითქვა ისიც, რომ აპრილის ბოლომდე შესაბამისი დასკვნა რატომ ღირს პროდუქტები საქართველოში ძვირი ხელმისაწვდომი იქნება. პრემიერმა თავის მხრივ დააანონსა რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან კანცელარიაში სავარაუდოდ 23 იანვარს იგეგმება. საგამოძიებო უწყებებმა კომპანიების დამუშავება დღეიდან უნდა დაიწყონ.

თებერვლიდან საქართველოს პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას განაახლებს და სავარაუდოდ საჯარო გამოკითხვები იქნება საკანონმდებლო ორგანოშიც. შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კობახიძის დეკემბრის ვიდეო მიმართვიდან რამდენიმე საათში დაადასტურა რომ პარლამენტში ამ საკითხზე კომისია იმუშავებდა.

სტუმარი:ლაშა რიჟამაძე - GDBA - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები