მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუს-ი: ქუმსიშვილსა და ალავიძეზე სუს-ში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს

5b4df923ea5aa
თელარა გელანტია
17.07.18 18:08
1536
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ექსმინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის და ინფრასტრუქტურის ექს მინისტრ ზურაბ ალავიძის საქმეზე არანაირ გამოძიებას არ აწარმოებს.  ამის შესახებ Bm.ge-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში „ევროპულმა საქართველომ“ სუს-ში საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოვლენილი კორუფციული სქემების შესახებ მასალები წარადგინა.

მაშინ პარტიაში აცხადებდნენ, რომ ზურაბ ალავიძემ მხოლოდ თანამდებობის დატოვებით არ უნდა აგოს პასუხი და ამ საქმით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივაწოდეთ ის მასალა, რომელიც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრის კორუფციულ საქმიანობას. მასალები შეეხება კონკრეტულ ერთ მიმართულებას, ეს არის გზების დეპარტამენტი, სადაც ერთი ჯგუფი ადამიანების, რომლის ხელმძღვანელიც ზურაბ ალავიძე იყო, ერთი ხელით გასცემდა ტენდერებს კომპანიებზე, რომელსაც გზები უნდა დაეგო, მეორე ხელით კი - იმ კომპანიებზე, რომლებსაც ხარისხი უნდა შეემოწმებინათ. შემდეგ ამ კორუფციული სქემის წარმომადგენლები თავად დასაქმდნენ როგორც დამგეგმავ, ისე შემმოწმებელ კომპანიებში. თუ რამე არის კორუფცია, ზუსტად ესაა და ალავიძემ უბრალოდ თანამდებობის დაკარგვით კი არ უნდა აგოს პასუხი, არამედ სისხლის სამმართლებრივად. იმედია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიჩენს ინტერესს და გამოიძიებს ამ საქმეს“,- აცხადებდა პარტიის წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

უწყების ინფორმაციით, ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.

„საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განმარტავენ პროკურატურაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები