სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავება განხორციელდა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
სუს-ის ცნობით, სპეცოპერაცია აჭარის რეგიონში, ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, დაკავებულები ე.წ. „თექბირისტების“ ჯამაათის წევრები იყვნენ და კავშირი ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ უცხოეთში მყოფ გავლენიან ლიდერებთან. გამოძიების თანახმად, აღნიშნული პირები საქართველოში ტერორისტული პლაცდარმის შექმნას გეგმავდნენ.
„მათ შორის იყო მიზანი, არალეგალურად შემოეყვანათ საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, დაებინავებინათ, უზრუნველეყვოთ ლოჯისტიკით და საქართველოს ტერიტორია გამოეყენებინათ ტერორისტული მიზნებისთვის ტრანზიტულად“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები და სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული ფულადი თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























