მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუს-მა ₾3.5 მლნ-ის მითვისებისთვის უფასო სასადილოების პროგრამის კონტრაქტორების დირექტორები დააკავა

უფასო სასადილო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს კომპანიების დირექტორები, რომლებიც უფასო სასადილოებით გაწევისას ₾3,5 მლნ-ის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. როგორც განცხადებიდან ირკვევა, საუბარია რამდენიმე კომპანიაზე, რომლებიც უფასო სასადილოების სერვისების მიწოდებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის არის კომპანია Aladashvili & co, რომელმაც სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში არაერთი ქვეკონტრაქტორი დაიქირავა, რომლებმაც თანხები არაჯეროვნად განკარგეს. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანახმად, კომპანიას წლების განმავლობაში 87 ტენდერის მეშვეობით 62 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული.

კერძოდ, სუს-ის განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.

შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და კორუფციასთან ბრძოლას ექნება მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი", - განაცხადეს სუს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები