მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავა

ლევან ხაბეიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სუს-ში განმარტავენ, რომ ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცველებისთვის ქრთამის დაპირებისთვის დააკავეს, რადგან ამას განგრძობითი ხასიათი ჰქონდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი მურთაზ ზოდელავა კი ხაბეიშვილის დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობისა და ძალადობის გამო დააკავეს.

"რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, აღნიშნული ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს, კერძოდ: ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში - ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას, საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხაქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.

ლევან ხაბეიშვილმა, ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად.

ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებული იქნა ჩვენ მიერ, ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და პრიორიტეტულად გააგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს!", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები