საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და აღნიშნულ დანაშაულებში დახმარების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს ტექ-2017-ის თანამშრომლის დახმარებით, მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის გაფორმებას.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას ბაგრატ ხახულაშვილი ფლობს, დირექტორი კი ლევან ხაღულაშვილია.
უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ანგარიშებში შეგნებულად შეჰქონდათ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემები, რის საფუძველზეც გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი ტექნიკური ინსპექტირების დასკვნები გაიცემოდა.
გამოძიების ვერსიით, აღნიშნული უკანონო მომსახურების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ ფულად თანხას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























