მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუს: ქობულეთში ურან 238-ის გაყიდვა აღვკვეთეთ, გარიგების ღირებულება $2.8 მლნ იყო

5c88e23f75940
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.19 14:51
1516
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ ქობულეთში რადიოაქტიური ნივთიერება ურან 238-ის გაყიდვა აღკვეთეს. სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე ორი ადამიანი არის დაკავებული. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო,"- წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები