სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურმა კომისიამ ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცა და ხელმოწერისთვის კობახიძეს წარუდგინა. შესაბამისი სხდომა კომისიის თავმჯდომარის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
7 მაისით თარიღდება "ოცნების" პრემიერის ბრძანება ყოფილი ხელმძღვანელის კობა კობიძის განთავისუფლების შესახებ.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
სუს-ის ინფორმაციით, კომისიის მუშაობა კანონით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით წარიმართა, ხოლო ბექა მამარდაშვილი სამი კანდიდატიდან შეირჩა.

























