მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთი უახლოვდება ენერგეტიკულ კოლაფსს - „ენერგო-პრო ჯორჯია“

ენერგოპრო - ჯორჯია

სვანეთის რეგიონი კვლავ უახლოდება ენერგეტიკულ კოლაფსს... განსახორციელებელია კომპლექსური სამუშაოები - ამის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯიამ bm.ge-ს უთხრა.

მათი ინფორმაციით, მესტიამ აპრილში იმდენივე დენი მოიხმარა, რამდენიც საქართველოს 15-მა მუნიციპალიტეტმა ერთად.

„ენერგო-პროში“ მიიჩნევენ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი საბალანსო აღრიცხვიანობის მოწესრიგებასა და გამრიცხველიანებაშია.

"მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ მძიმე მდგომარეობაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.

რეგიონი კვლავ უახლოვდება ენერგეტიკულ კოლაფსს, რაც განპირობებულია ელექტროენერგიის კიდევ უფრო მზარდი მოხმარებით. 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მოხმარება 7 %-ით გაიზარდა. ეს მართლაც იწვევს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გადატვირთვას. შესაბამისად, ავარიული გათიშვების ოდენობა და ხანგრძლივობა კიდევ უფრო მოიმატებს თუ არ მოხდა პროცესების მართვა ისე, როგორც სხვა ყველა რაიონში. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ზემო სვანეთის მოხმარება უნდა შემცირდეს 10-12-ჯერ.

ამისათვის, რა თქმა უნდა, განსახორციელებელია კომპლექსური სამუშაოები. საბოლოოდ ყველა მომხმარებლის მოხმარება უნდა გაანალიზდეს აღრიცხვის ინდივიდუალური საშუალებით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს საბალანსო აღრიცხვიანობის მოწესრიგება და შემდეგ ინდივიდუალური გამრიცხველიანება

რა თქმა უნდა, საგულისხმოა და ხაზგასასმელია, რომ ყოველივე ეს გააუმჯობესებს თითოეული მოსახლის თუ კომერციული აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების ხარისხს და სტაბილურობას".

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში კი მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 - მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად

ცნობისთვის, სამართალდამცველებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის დღეს 1-ელი ივნისს გაკეთებული განცხადებით, მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სვანეთის ენერგოკრიზისი მხოლოდ ლოკალური პრობლემა აღარ არის და ის სოციალურ ტვირთად აწვება სრულიად საქართველოს. მამუკა მდინარაძის განმარტებით, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის გამო, ქვეყანაში ყოველი აბონენტი, დენის ქვითრის გადახდისას, ყოველთვიურად დამატებით 1.5 ლარს სწორედ სვანეთის გადასახარჯი ელექტროენერგიის დასაფარად იხდის.

bm.ge დამატებითი კითხვებით კომპანიას უკვე დაუკავშირდა. მასალა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები