მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სვანეთში, სოფელ ნაკრაში შესაძლოა, ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდეს

5d3d566f96371
BM.GE
28.07.19 12:10
892
მესტიის სოფელ ნაკრასა და ფარში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ნაკრას თემის მოსახლეობას ხილის გადამმუშავებელი საწარმოს გახსნაში დახმარებას დაპირდა.

ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად, მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება მაქსიმალურად მოხდება.

"მოსახლეობასთან შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას აწუხებს, ფაქტობრივად ერთგვაროვანია და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება, თუმცა არის საკითხებიც, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი და ჩვენი სამინისტროს ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფლის განვითარების ახალი სტრატეგია გულისხმობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სოფლად სხვადასხვა საქმიანობის ხელშეწყობას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ამასთან, ტყის მდგრადი მართვის პირობებში, ჩვენ უნდა შევძლოთ რესურსების სწორად გამოყენება და მართვა. ხელი უნდა შევუწყოთ ახალი საწარმოების და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე აგროტურიზმის განვითარებას, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ულამაზესი კუთხეა, ამიტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტო იწყებს მასშტაბურ კვლევით სამუშოებს ტერიტორიის შესასწავლად, შემდგომში დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს, გერმანელი კონსულტანტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა, საქართველოს ეკონომიკაში 87 მილიონი ლარი შეადგინა. დღეისათვის, საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, რომელსაც 20 ადმინისტრაცია მართავს. მათი საერთო ფართობი შეადგენს 667 000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ფართობის 9,5 %-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები