კომპანია “სვანიძის ზეთისხილი“ ექსპორტის გაფართოებას და მილიონობით ხის დარგვას გეგმავს.
როგორც დამფუძნებელი გიორგი სვანიძე BMG-სთან აცხადებს, კახეთში, დედოფლისწყაროში, ზეთისხილის გადამმუშავებელი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ზეთს აწარმოებს, რაზეც უკვე მაღალი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივი დისტრიბუტორების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
“ექსპორტზე მოთხოვნა და თვითონ დისტრიბუტორების მოთხოვნა ძალიან დიდია. მე ვფიქრობ, ამ საწარმოს შეუძლია როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მოემსახუროს. ადგილობრივ ფერმერებს დედოფლისწყაროს ან კახეთის რეგიონში, ვისაც დარგული აქვთ ზეითუნის ხილის პლანტაციები, შეუძლიათ, რომ მოვიდნენ და სეზონზე ჩაგვაბარონ” - ამბობს გიორგი სვანიძე.
მისივე თქმით, კომპანიას ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს, რაც, უპირველეს ყოვლისა, პლანტაციების გაფართოებას გულისხმობს. მთავარი მიზანი საქართველოში მილიონობით ახალი ზეთისხილის ხის დარგვაა. პლანტაციების ზრდა, თავის მხრივ, გაზრდის ნედლეულის რაოდენობას, რაც საშუალებას მისცემს საწარმოს, გაზარდოს წარმოება და დაიკავოს უფრო დიდი წილი როგორც შიდა ბაზარზე, ისე გააფართოოს საექსპორტო არეალი.
“ჩვენი სურვილია, საქართველოში დაირგოს მილიონობით ზეთისხილი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნება პლანტაციები, მით უფრო მეტი იქნება შემოსავალი. ასევე, ვგეგმავთ კიდევ შემდგომი გაზრდას, როგორც შიდა ბაზარზე - შიდა ბაზრის მოცულობის უფრო მეტი პროცენტულობის დაკავებას, აგრეთვე ექსპორტის გააქტიურებას სხვადასხვა ქვეყნებზე, როგორც არის საუდის არაბეთი, დუბაი, აბუ-დაბი, ბაჰრეინი, აგრეთვე ევროპის მიმართულებით.
ამ დროისთვის ყაზახეთზე, ჰოლანდიაზე, სხვადასხვა ქვეყანაზე ვმუშაობთ, მაგრამ შუა აღმოსავლეთში, ძალიან დიდი მოთხოვნაა ზეითუნის ზეთზე. ჩინეთმაც დაიწყო ზეთის ჭარბი მოხმარება და იქიდანაც ძალიან დიდი მოთხოვნაა. შემდგომ წელიწადში ვფიქრობთ, რომ ამ ბაზარზეც დავიკავებთ ჩვენს ადგილს” - ამბობს გიორგი სვანიძე.
კახეთში, ტარიბანას ველზე, „სვანიძის ზეთისხილის“ ახალი, თანამედროვე გადამმუშავებელი საწარმო ოქტომბერში ამოქმედდა. ობიექტი 7 მილიონი ლარის ინვესტიციით გაიხსნა. საწარმოს დღიური სიმძლავრე 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებაა, რაც წელიწადში ათასობით ტონა ზეთის წარმოების საშუალებას იძლევა.




























