მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სვანური მარილისთვის მსხვილი კომპანიები ფალსიფიცირებულ სუნელებს ყიდულობენ"

5b41b3a416377
BM.GE
08.07.18 11:07
1639
სვანური მარილის მწარმოებელმა "ლუშნუმ" პროდუქციის მაღაზიებში გაყიდვა შეწყვიტა. როგორც bm.ge-სთან კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გოშთელიანი აცხადებს, მიზეზი სადისტრიბუციო კომპანიები იყვნენ.

მისი თქმით, სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, დაიხურნენ, ბაზარზე აღარ ოპერირებენ და მათგან თანხების ამოღებაც პრობლემური გახდა.

„სადისტრიბუციო ქსელები, რომლებთანაც შეხება მქონდა, ვერ აკეთებენ ისეთ დისტრიბუციას, როგორც საჭიროა, რამდენიმე მათგანი დაიშალა კიდეც და ვალები აქვთ, რომლებიც ამოუღებელია. აქედან გამომდინარე გამოვიტანე მაღაზიებიდან. მე რომ შევქმნა საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია, მოგებაზე ვერ გავალ, რადგან ერთი პროდუქტის დისტრიბუცია არამომგებიანი იქნება“,- აცხადებს გიორგი გოშთელიანი.

მისივე თქმით, ამჟამად მესტიაში მდებარე მცირე საწარმოში დამზადებული სვანური მარილი მხოლოდ ადგილზე იყიდება. "ლუშნუს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბაზარზე თითქმის არ არსებობს ნატურალური სანელებლებისგან დამზადებული მარილი და მსხვილი საწარმოები იმპორტირებულ პროდუქციას იყენებენ.

„დღეს სვანურ მარილს დიდი კომპანიები აწარმოებენ, რომლებიც მარილის შესაზავებლად იმპორტირებულ სუნელებს იყენებენ. ბაზარზე არსებული სვანური მარილი არ არის ის, რაც უნდა იყოს, რადგან მსხვილი კომპანიები ფალსიფიცირებულ სუნელებს ყიდულობენ, ყვითელი ყვავილიდან დაწყებული სხვა სუნელებით დასრულებული. ჩვენ ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმერებისგან და თამამად შემიძლია თქმა, რომ რაც კი სხვა სვანური მარილი გამისინჯავს, არავინ ნატურალური პროდუქტისგან არ აწარმოებს“,- აცხადებს „ლუშნუს“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები