დეველოპერული კომპანია „სვეტის“ 2000-მდე დაზარალებული დღემდე უშედეგოდ ელოდება კომპანიის მიერ შეჩერებული მშენებლობების განახლებას. „სვეტმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ რეორგანიზაცია გამოაცხადა და მენაშენეებს დაჰპირდა, რომ ინვესტორს მოიძიებდნენ და მშენებლობები დაახლოებით ივნისის მეორე ნახევარში განახლდებოდა.
მიუხედავად ამისა, ამ დრომდე "სვეტს" მერიისგან სამშენებლო ნებართვებიც არ მიუღია და ინვესტორის ვინაობის შესახებაც არ არის ცნობილი.
"სვეტის" დაზარალებული მენაშენეები ამ წუთებში პროკურატურასთან მართავენ აქციას. როგორც bm.ge-თან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, სალომე დუნდუა აცხადებს, "სვეტის“ ყველა ოფისი დახურულია და კომპანია მათთან კონტაქტზე არ გამოდის.
"ამბობენ რომ აზერბაიჯანელი და ებრაელი ინვესტორები შემოჰყავთ, თუმცა ვინ არიან ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან. მათგან ვითხოვთ, რომ მენაშენეები ჩაგვაყენონ საქმის კურსში და კომპანიამ ჩვენს გარეშე აღარ გადადგას არცერთი ნაბიჯი", - აცხადებს დუნდუა.
მისი თქმით, "სვეტისგან“ ვალდებულებების შესრულებას მენაშენეების გარდა ითხოვენ მიწის მესაკუთრეებიც, რომლებიც კომპანიის წინააღმდეგ ასევე სამართლებრივ დავაში შევიდნენ.
"სვეტის" დაზარალებულები პროცესში სახელმწიფოს ჩარევას მოითხოვენ.
საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, სასამართლოს გარდა რიგი საქმეები შესულია პროკურატურაში, თუმცა პროცესი არც დაძრულა. ხოლო, მენაშენეთა იმ ნაწილს, რომელთაც "სვეტს" სასამართლო დავა მოუგეს, კუთვნილი თანხები დღემდე არ დაბრუნებიათ.
მენაშენეები "სვეტის" თაღლითურ სქემაში თბილისის მერიასაც ადანაშაულებენ. მათი თქმით, კომპანიას სპეციალურად მიაქვს დახარვეზებული პროექტი შესათანხმებლად, რათა დრო გაწელოს.
სანამ სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები "სვეტის" საქმით არ დაინეტერსდებიან, აქციის მონაწილეები შიმშილობას და პერმანენტულ აქციებს არ შეწყვეტენ.
Bm.ge „სვეტის“ წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე კონტაქტზე არ გამოდის.

























