"სვეტის" თბილისში მდებარე 4 და ბათუმის ერთი ობიექტის 2 000-მდე მობინადრე დღემდე ელოდება შეჩერებულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებას. როგორც "სვეტის" გენერალური დირექტორი BM.GE-თან განმარტავს, "სვეტში" ამ ეტაპზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს და კომპანიას ახალი ინვესტორი შემოჰყავს, რომელიც შეჩერებულ ობიექტებზე მშენებლობას განაახლებს.
რეორგანიზაციის დასრულებამდე თორნიკე ჯანელიძე ინვესტორის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, მოლაპარაკებები საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კომპანიასთან მიმდინარეობს. სვეტი მობინადრეებს ჰპირდება, რომ შეჩერებული პროექტები გაანახლდება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ინვესტორთან ჯერჯერობით არ შემდგარა.
თორნიკე ჯანელიძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ 10 ივნისის შემდეგ განახლდება, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება. როგორც თავად ამბობს, კომპანიას მშენებლობის ნებართვა მერიისგან ჯერ არ მიუღია, თუმცა მისი თქმით, პროექტები უკვე ატვირთული აქვთ მერიის ვებ-გვერდზე შესათანხმებლად და ნებართვებს ახლო პერიოდში ელოდებიან.
"კომპანია აგრძელებს სამუშაო რეჟიმს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან. კონკრეტული სამუშაო გეგმა გაწერილია მათთან ერთად. უკვე ატვირთულია პროექტები და მოლოდინში ვართ, რომ მივიღოთ ნებართვა და გაგრძელდეს სამშენებლო სამუშაოები. რეორგანიზაცია მოიცავს, სრულად როგორც პროექტების ინვესტიციების კუთხით რეოგანზიაციას, ისე ადამიანური რესურსის ნაწილში რეორგანიზაციას. ივნისის 10 რიცხვამდე ვიქნებით სავარაუდოდ ამ კონკრეტულ პოიზიციაში და განიხილება ინვესტიციების ალტერნატიული მექანიზმები, რაზეც საბოლოოო პასუხი ჩამოყალიბდება დაახლოებით ივნისის დასაწყისისთვის. რეორგანიზაცია ასევე გულისხმობს ყველა პროექტის განახლებას, სადაც ახლა შეჩერებულია სამუშაოები. გულსიხმობს რიგ ნაწილში კონტრაქტების დამატებით განსაზღვრების მიცემას და არა კონტრაქტის პირობის შეცვლას, რადგან რეორგანიზაციასთან ერთად მოხდება კონკრეტული სქემის და გეგმის გაწერა. ეს პროცესი კი დაიწყება რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ",-განმარტავს "სვეტის" გენერალური დირექტორი, თორნიკე ჯანელიძე.

























