"სვეტის" შეჩერებული ობიექტების ნაწილზე თბილისის მერიამ, შესაძლოა, სამშენებლო ნებართვები გასცეს. როგორც bm.ge-ს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ ბოლოთაშვილმა განუცხადა, ისინი ჩაერთენ პროცესში, რათა დაჩქარდეს პროექტების გადაკეთება იმისთვის, რომ კომპანიამ შეძლოს მშენებლობების განახლება.
"ჩვენ ვეთანამშრომლებით კომპანიას იმისათვის, რომ მოხდეს პროექტების გადაკეთება, მორგება კანონმდებლობასთან, მათ შორის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან. შედეგად, დროზე მიიღონ მშენებლობის ნებართვა იმისათვის, რომ განახორციელონ მშენებლობა ლეგალურად", - აცხადებს ბოლოთაშვილი.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მერიის პასუხისმგებლობას იმ ნაწილში, რომ კომპანია ნებართვების გარეშე ახორციელებდა მშენებლობას, რაც მერიის მხრიდან არ ყოფილა დროულად იდეტიფიცირებული, საპასუხოდ ბოლოთაშვილი ამბობს, რომ როდესაც მოხდა ამის იდენტიფიცირება, სწორედ მაშინ შეაჩერა მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურმა და დაიწყო საქმის წარმოება.
"ამ ეტაპზე მირცხულავას ობიექტის რამდენიმე ბლოკზე არის შემოსული კონკრეტული განაცხადი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით. დოკუმენტაცია არის შესწორებული, ერთადერთი ველოდებით ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასებას. მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება აღნიშნული შეფასება, კომპანია მიიღებს მშენებლობის ნებართვას ამ რამდენიმე ბლოკზე. შემდეგ უნდა გააგრძელოს და სხვა ბლოკებზე და ლოკაციებზე მიიღის ნებართვა", - განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.

























