მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სვეტის" წინააღმდეგ მოსარჩელეების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს

5a9689ea69e2d
თამუნა დემეტრაშვილი
28.02.18 14:50
1636
კომპანია "სვეტის" წინააღმდეგ ემიგრანტი მოსარჩელეების რაოდენობა, შესაძლოა, რამდენიმე ათეულამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ bm.ge-ს ერთ-ერთი დაზარალებული ემიგრანტის ადვოკატმა ირაკლი ბურჭულაძემ აცნობა.

"ჩვენს იურიდიულ კომპანიას ყოველდღიურად უკავშირდებიან ემიგრანტი მენაშენეები და გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე გავუწიეთ იურიდიულ კონსულტაცია, მათი რაოდენობა მუდმივად მზარდია და დიდი ალბათობით ყველა მათგანი ჩვენი კლიენტი გახდება, მათთან კონსულტაციის რეჟიმში ვართ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერიიდან, მათი მიმართვის საფუძველზე უკვე მიიღეს ოფიციალური დადასტურება, რომ მირცხულავას ქუჩაზე მშენებლობის წარმოებისთვის კომპანია "სვეტს“ ნებართვა არ ჰქონდა.

"თუკი ჩვენ, სხვა ემიგრანტების უფლებების დაცვასაც საკუთარ თავზე ავიღებთ, ანალოგიური ინფორმაციის მიღებას მერიისგან სხვა სამშენებლო პროექტებზეც მოვითხოვთ", - აღნიშნა ბურჭულაძემ. რა იურიდიული ნაბიჯების გადადგმას აპირებს მისი კლიენტების უფლებების დასაცავად, ადვოკატს ჯერჯერობით საუბარი არ სურს.

ადვოკატი ირაკლი ბურჭულაძე იტალიაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონის ინტერესებს იცავს, რომელსაც ბინის შესაძენი თანხის 40%, გრაფიკის შესაბამისად უკვე გადახდილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სვეტმა" თავის დროზე სპეციალური შეთავაზება გააკეთა ემიგრანტებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ 10%-იანი წინასწარი შენატანის პირობებში, 7 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით ესარგებლათ.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ "სვეტი ჯგუფმა" და "სვეტი დეველოპმენტმა“ "ალდაგთან“ გაფორმებული მშენებლობის დაზღვევის ხელშეკრულება ორივე პროექტზე ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტა. როგორც "ალდაგის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა თეონა კვიციანმა bm.ge-ს აცნობა მირცხულავას ქუჩისა და ბათუმის პროექტებზე მშენებლობის დაზღვევის ხელშეკრულებების გაუქმების გამო, "ალდაგს", ყველა სამართლებრივი უფლება ჩამორთმეული აქვს, რომ მშენებლობის დასრულებაზე თავად იზრუნოს. მისი თქმით, ერთადერთი რასაც "სვეტი" მათგან ითხოვს, ორთვიანი სადაზღვევო დავალიანებისა და საკმაოდ სოლიდური პირგასამტეხლოს დაფარვის გონივრული გრაფიკის შედგენაა.

"მათ მოგვმართეს, რომ შევათანხმოთ ვალის დაფარვის ოპტიმალური გრაფიკი და ვფიქრობთ, რომ ამაზე დავთანხმდებით, რათა ეს საკითხი არ გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი, სვეტის მხრიდან სამშენებლო ვალდებულებების შესრულების საკითხში", - აღნიშნა თეონა კვიციანმა. მისი ინფრორმაციით, "ალდაგში" კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არიან და მათ წინადადებებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობის დაზღვევის ფაქტს კომპანია "სვეტი" საკუთარ სარეკლამო და მარკეტინგული მიზნებისთვის აქტიურად იყენებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები