საათების მწარმოებელმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა კომპანია Swatch-მა საერთაშორისო კრიტიკის ფონზე ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება საათის რეკლამას, რომელშიც აზიელ მოდელს სახეზე ხელები აქვს მიდებული და თვალები იწვრილებს. სურათი რასისტული სტერეოტიპების დემონსტრაციად უკვე შეფასდა. რეკლამა განსაკუთრებულად ჩინურ სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. მომხმარებლები Swatch-ისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებასაც აჟღერებენ.
საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, Swatch-მა აღნიშნული სურათის რეკლამირება სრულად შეაჩერა და ბოდიშის წერილი როგორც ჩინურ, ისე ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული სურათის გამო კომპანიამ სინანული გამოთქვა და ბოდიში მოუხადა ყველას, ვის გრძნობებსაც შეეხო რეკლამა.
რასისტული რეკლამის გამო გამოწვეული საერთაშორისო კრიტიკა უყურადღებოდ არც ბირჟაზე დარჩენილა. Swatch-ის აქციების ფასები ერთდროულად 4%-ით შემცირდა, თუმცა საბოლოოდ 3%-ზე დაფიქსირდა. სავარაუდოდ, მსგავსი სკანდალი კომპანიას მომავალში კიდევ უფრო დააზიანებს, რადგან Swatch-ის საათებზე მოთხოვნა ჩინეთში ისედაც შემცირებულია, ამერიკული ტარიფები კი გაყიდვებზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს.




























