ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, არის თუ არა ფინანსური მონიტორინგის სამსახური კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული, ამოიღო თუ არა დოკუმენტაცია ან იკვლევს თუ არა კომპანიის საქმიანობას.
თავად "თიბისი ჯგუფის" თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, რომ "ლისი დეველოპმენტით" ფინანსური მონიტორინგის სამსახურია დაინტერესებული. დამატებითი დეტალების შესახებ მას არ უსაუბრია - რას გულისხმობდა ის დაინტერესებაში, რა პერიოდს მოიცავს ეს პროცესი და ა.შ. "ლისი დეველოპმენტის" თანამფლობელმა მამუკა ხაზარაძემ ამ თემით დაინტერესება დეპუტატებსაც ურჩია.
BM.ge-იმ ოფიციალური წერილი მიწერა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, არის თუ არა შესული “ლისი დეველოპმენტში” და რა მიზეზით ან ბოლოს როდის დაინტერესდა კომპანიის საქმიანობით.
უწყების მიერ bmg-ისთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სამსახურის მიზანს წარმოადგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შემთხვევების პრევენცია და მათი გამოვლენა. შესაბამისად, სამსახურის საქმიანობის საგანს არ წარმოადგენს კერძო კომპანიების საქმიანობის ადგილზე შემოწმება. დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე ისინი უარს ამბობენ. თუმცა, საგამოიძიებო უწყების წერილში არც იმას უარყოფენ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური კომპანიით დაინტერესებულია.
“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოებისხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირს ან სხვა პირს, რომ, ამ კანონით განსაზღვრული მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე, გარიგების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს გადაეცა, ხოლო იმავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით,საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სწორედ ზემოაღნიშნული მოთხოვნებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2021 მუხლის გათვალისწინებით, ჩვენი სამსახური მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია”, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
კომპანია “ლისი დეველოპმენტი” 2010 წელს შეიქმნა, მისი მფლობელები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი არიან. კომპანია ფლობს მიწას ლისის მიმდებარედ და ადგილზე “მწვანე ქალაქს” აშენებს. თიბისი ბანკის თანადამფუძნებლები ლისზე აპირებენ ასევე თიბისის ახალი სათაო ოფისის მშენებლობას.

























