IT კომპანია Sweeft Digital-ი ივლისის ბოლოსთვის Sweeft-ის აკადემიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი ისაკაძესთან „ბარში“ სტუმრობისას კომპანიის თანადამფუძნებელმა ვაკო თურნავამ ისაუბრა.
„ეს პროექტი მოკლე ვადაში ბიზნესურად მომგებიანი არ იქნება, თუმცა აკადემიის გახსნით ჩვენ დაახლოებით 1000-მდე დეველოპერის გადამზადებას და მათთვის ყველაფრის 0-დან სწავლას შევძლებთ“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართული კომპანია Sweeft Digital-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია Making Science-მა შეიძინა. როგორც კომპანია Sweeft Digital-ის დამფუძნებელი ვაკო თურნავა ამბობს, Making Science საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც Sweeft Digital-თან დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე 6 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს და 3 წლის განმავლობაში 1200-მდე დეველოპერს დაასაქმებს.
ქართული საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორებიცაა აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა.
Sweeft Digital-ის განვითარება 2017 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ტექნოპარკში დაიწყო, სადაც 4 ჯუნიორ დეველოპერი იყო დასაქმებული. ამ ეტაპზე კომპანია 196 ადამიანს ასაქმებს.