მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sweeft Digital-ის შიდა ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

61f8c1c83a25a
ანუკა ჯოხაძე
01.02.22 09:00
1365

კომპანია Sweeft Digital-მა სამუშაო პროცესებში ინოვაციური კულტურის დანერგვისთვის “სვიფეტელების” პირველი შიდა ჰაკათონი ჩაატარა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი თანამშრომლების შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობაა.

მათივე ინფორმაციით, ჰაკათონის მონაწილეებს უნდა შეექმნათ ინოვაციური პროდუქტი ან სერვისი, რის შემდეგაც გუნდებს პროტოტიპი უნდა შეემუშავებინათ, რომელსაც ჟიურის წინაშე წარადგენდნენ. საერთო ჯამში, ჰაკათონში მონაწილეობა 12 გუნდმა მიიღო, რაშიც 50-მდე კომპანიის თანამშრომელი, “სვიფტელი”, მონაწილეობდა. წარმოდგენილი ინოვაციური პროექტები ჟიურიმ შეაფასა.

ჟიურიმ ჰაკათონში 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინა, რომელთა იდეების დაფინანსებაც მოხდება. გამარჯვებული გუნდებია: ყველაზე ინოვაციური პროდუქტი - QA Guild; საუკეთესო ბიზნესმოდელი - Interns Space; ჟიურის რჩეული - Poem AI და Sit & Sew.

"სვიფტელების მოტივაცია და მათი იდეების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, შიდა ჰაკათონის გამარჯვებულებს Sweeft-ი იდეების განხორციელებას დაუფინანსებს. უახლოეს პერიოდში კი შევძლებთ, ადგილობრივ ბაზარს წარვუდგინოთ სვიფტელების წარმატებული პროექტები“, - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა ვაკო თურნავამ.

პროექტების შეფასებაში მონაწილეობას იღებდა ტექნოპარკის თავჯდომარე ავთანდილ კასრაძე, რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ახალგაზრდა, ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისთვის მოტივაციისა და ახალი შესაძლებლობების მომცემია.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო კერძო კომპანიის მხრიდან შემუშავებული სამაგალითო პროექტი, რომელმაც უზრუნველყო საკუთარი თანამშრომლების ხელშეწყობა, ემუშავათ კონკრეტულ ინოვაციურ იდეებზე. მნიშვნელოვანია, რომ Sweeft Digital აფინანსებს ამ პროექტებს. ჩვენ დღეს ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და ენთუზიაზმითა და პროფესიონალებით სავსე ახალგაზრდები, რომლებმაც წარმოადგინეს ბევრი ისეთი ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავს არამხოლოდ ქართული, არამედ - გლობალური ბაზარიც“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.

Sweeft Digital-ის ჰაკათონზე წარმოდგენილი იდეები შეაფასეს, როგორც კომპანიის ხელმძღვანელებმა ისე მოწვეულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ვაკო თურნავა - CEO, Sweeft Digital; გიორგი მენაბდიშვილი - CDO, Sweeft Digital; ავთანდილ კასრაძე - თავმჯდომარე, GITA; ლევან კობახიძე - CDO, საქართველოს ბანკი; პავლე მგელაძე - re:invent-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ანტერპრენერი. 

ცნობისთვის, Sweeft-ი ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, რომელიც საფონფო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1,200-მდე ქართველ დეველოპერს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები