საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე TBC-ის საქმეზე მთავარი პროკურატურის მორიგ განცხადებას აფასებს.
“ჩრდილი არ მიადგება არც "თიბისი ბანკის", როგორც საფინანსო ინსტიტუტის რეპუტაციას და არც ანაკლიის პროექტს. ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩემი აზრით, პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგისა, რათა ძალიან მკაფიოდ გამოჩენილიყო, რომ აქ საუბარია კონკრეტული ადამიანების მიერ გატარებულ ქმედებებზე.
აქაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჩქარა დასრულდეს, იმიტომ, რომ იმ ადამიანების რეპუტაციაზე არის დამოკიდებული მათ შორის გარკვეულწილად ანაკლიის პროექტის ჩქარა განხორციელების და დროულად განხორციელების პერსპექტივა. ასე, რომ ყველა შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სწრაფად დასრულდეს, თუ რაიმე კითხვის ნიშნები არის.
დღეს, რაც მოვისმინეთ, ამის მიხედვით ჩანს, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არის. სწრაფად და ამომწურავად უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, რომ რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ამ ადამიანებს, რომლებიც არიან თიბისი ბანკის დამფუძნებლები და ასევე კონსორციუმის დამფუძნებლები, რომელიც ანაკლიის პროექტის განმახორციელებელია. ასე, რომ სწრაფად, დროულად უნდა დასრულდეს ეს გამოძიება და გავაგრძელოთ ცხოვრება", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ამასთან, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პროექტის განხორციელებას მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს.
"უბრალოდ ცილისწამებაა რუსეთის რაღაც ფაქტორზე საუბარი. ოპოზიციას ყოველთვის აქვს ასეთი ეჭვები და დარწმუნებით საუბრობენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. ამ ქვეყანაში, რაც ცუდი ხდება, მათი აზრით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია, მაგრამ ეს სიმართლესთან არაფერ კავშირში არ არის.
როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედია, იმაში დავადანაშაულოთ, რომ ქვეყნისთვის ზიანის მოტანა უნდა და ამ ქვეყნის განვითარებისა და ჩვენი მოქალაქეების გამდიდრების წინააღმდეგია”, - განაცხადა ზოიძემ.

























