მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სხვადასხვა ფენის ერთი კრიტერიუმით დაფინანსება, ღარიბი ფენის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გააუარესებს"

58cbeb1995ed9
BM.GE
17.03.17 17:54
1229
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას საყოველთაო ჯანდაცვის სიტემის მიზნობრივად შეცვლასთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არასწორ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც ჭიაბერაშვილი გადაცემაში "ანალიტიკა" აცხადებს, სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ერთი კრიტერიუმით დაფინანსება, ღარიბი ფენის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გააუარესებს.

"გაჭირვებული და შედარებით შეძლებული ადამიანების ერთი კრიტერიუმით დაფინანსება გამოიწვევს იმას, რომ ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდებათ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვა პაციენტს ყველა სამედიცინო ხარჯს არ უფინანსებს, ადამიანები თვითონაც იხდიან თანხებს. როდესაც შეძლებულს ფულის დამატება შეუძლია და გაჭირვებულს არ შეუძლია, ბუნებრივია, საყოველთაოს თანხას უფრო შემოსავლიანი ადამიანები მოიხმარენ. მაგალითად, გასული წლის ბოლოს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ გაჭირვებულ ადამიანებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ. ჩვენ ოთხი წელი ვეუბნებოდით მთავრობას, რომ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაა აუცილებელი. ვისაც დახმარება უფრო მეტად სჭირდება, სახელმწიფო იმას უფრო მეტად უნდა დაეხმაროს,“ - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

მისივე განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მუდმივად ფულის უკმარისობას განიცდის. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონით ირღვეოდა.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად 100 მილიონი ლარით ირღვეოდა. წელს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ფულს აღარ დაუმატებს და სერგეენკო იძულებული ხდება, რომ ვითომ ოპტიმიზაცია გააკეთოს, მაგრამ ფულის დასაზოგად სინამდვილეში სხვადასხვა ჯგუფებისათვის პაკეტების გაუარესება დაიწყო", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები