მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაბორზე Paragraph Tabori-ის და გოლფ კლუბის გახსნის თარიღმა 2023 წლისთვის გადაიწია

620cc8e365cdf
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.22 15:46
3680
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2023 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.

როგორც BM.GE-ის განუცხადეს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში, რომელიც პროექტის შემსრულებელია და 2020 წლის დეკემბრიდან „ქართუ ფონდში“ ერთიანდება, პროექტის განხორციელების ვადები პანდემიური რეალობიდან გამომდინარე შეიცვალა. აღსანიშნია, რომ სასტუმრო კომპლექსის გახსნა 2022 წლისთვის იგეგმებოდა.

„პარაგრაფ თაბორის“ გახსნა 2023 წელს იგეგმება, თუმცა აღნიშნული ვადაც ტურისტული ნაკადების აღდგენაზე იქნება დამოკიდებული, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეპიდვითარებაზე როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ. მოგეხსენებათ, აღნიშნული პროექტის ძირითადი სამიზნე სეგმენტი უცხოელი ტურისტები არიან, შესაბამისად, ჩვენთვის საჰაერო მიმოსვლის შეუფერხებლად აღდგენა მნიშვნელოვანია, რათა გოლფის მოყვარულებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ვუმასპინძლოთ“, - განმარტავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.



პროექტის განხორციელების ვადებთან ერთად, თავისუფლებაზე არსებული სასტუმრო Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს მსგავსად, თაბორზე მშენებარე პრეოქტის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღემდე არსებული ინფორმაციით, თაბორის სასტუმროსა და გოლფ კლუბის განხორციელებისთვის 86 მლნ დოლარი დაიხარჯებოდა, თუმცა ტურიზმის განვითარების ფონდის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 128 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის: თაბორის მთაზე სასტუმროს და გოლფ კლუბის პროექტის შესრულება 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება თავდაპირველად 2021 წლისთვის იგეგმებოდა. დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური 402 009 კვ/მ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% გამწვანებული იქნება. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9-ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 177-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.



აღნიშნული პროექტი საბაგირო საშუალებით სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფ თბილისს“ დაუკავშირდება. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr) უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ 34-გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები