მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თაბუნი": 600-მდე ძიძა იძულებით შვებულებაშია

5eb000f37c1b7
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 09:40
2108
ძიძებისა და მომვლელების შესარჩევი კომპანია „თაბუნი“, რომელიც ბაზარზე 14 წელია ფუნქციონირებს COVID-19-ის გავრცელების შემდეგ 18 მარტიდან სრულად გაჩერებულია. მათი ინფორმაციით, დაახლოებით 600-მდე ძიძა იძულებით შვებულებაშია. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა მალხაზ გელეიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია სხვადასხვა მიმართულებით არის აქტიური - ძიძების შეთავაზება, მასაჟის კურსები, ლოგოპედური მასაჟის კეთება და სწავლება; უცხოელებისთვის ქართული ენის სწავლება. შესაბამისად, ჯამში კომპანიის მეშვეობით 800 ადამიანი საქმდება.

„დაკავებულები ვართ სამუშაო ადგილების გამოძებნით ძიძებისთვის და მერე ვასაქმებთ ჩვენთან წინასწარ რეგისტრირებულ ძიძებს, წელიწადში დაახლოებით ვასაქმებთ 150 ძიძას. გვაქვს საკადრო ბაზა, რომელშიც დაახლოებით 600-მდე ძიძაა აღრიცხვაზე. ყველა მათგანი სხვადასხვა დატვირთვით მუშაობს, ზოგი სადღეღამისო, ზოგი დღის განმავლობაში და ზოგი ღამის სამუშაოებზე. ხელფასებს უხდიან თავად დამქირავებლები და ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, როგორც ძიძებთან ასევე დამქირავებლებთან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ძიძას შევურჩიოთ მისთვის სასურველი პირობებით სამუშაო ადგილი“, - განმარტავს მალხაზ გელეიშვილი.

„თაბუნის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს გამოყოფილი სოციალური ერთჯერადი დახმარება უნდა მიიღონ როგორც უკვე დასაქმებულმა ძიძებმა, ასევე მათ, ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ელოდა დამქირავებლის დაკვეთას.

„ბევრმა დამკვეთმა გაუშვა ძიძა, საგანგებო მდგომარეობიდან და კომენდანტის საათიდან გამომდინარე, ძირითადად ტრანსპორტის პრობლემის და ვირუსის გავრცელების შიშის გამო. რაც შეეხება ბაზას, რომელშიც ძიძები არიან აღრიცხულები, ისინი თავისი კანდიდატურების შეთავაზებას ელოდებიან, ამას ვერ ვახორციელებთ, იმიტომ რომ 18 მარტს დავხურეთ ოფისი გასაგები მიზეზების გამო. ეს ხალხი იძულებით უხელფასო შვებულებაშია გასული.

გამზადებული მაქვს ცნობის ტექსტი, რომელსაც მივცემთ ძიძებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ჩვენთან, რათა მიიღონ კუთვნილი დახმარება სახელმწიფოსგან“, - განაცხადა მალხაზ გელეიშვილმა.

კომპანიის დამფუძნებელი იმ ზარალზეც საუბრობს, რაც კომპანიას მიადგა, თუმცა ზუსტად მოცულობებს არ ასახელებს. მისთვის გაურკვეველია ვადები, როდისთვის შეძლებენ სრულად ამოქმედებას.

„ალბათ 11 მაისს გავხსნით ოფისს, მაგრამ მოგვიწევს ახალი წესებით ბიზნესის წარმოება. მოვაწყობთ თერმოსკრინინგის კაბინეტს და ჩვენთან რეგისტრაციის მსურველები გაივლიან თერმოსკრინინგს.

ჩვენს კომპანიას გარკვეული ზარალი მიაყენა ამ მდგომარეობამ, რადან ამ პერიოდში ის თანხები, რომლებიც ძიძებმა უნდა შემოიტანონ ხელშეკრულების თანახმად, არ შემოსულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვაახლებთ მუშაობას, გაურკვეველია როდის იქნება მოსახლეობა მზად, რომ ჩვენი მომსახურება კვლავ მიიღოს“, - განაცხადა „თაბუნის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები