მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თაფლაკვერის“ ორცხობილები ახალი წლის პერიოდში, ერთი თვით „გალერიაში“ იქნება ხელმისაწვდომი

თაფლაკვერი

მცირე საწარმო „თაფლაკვერის“ პროდუქტი ახალი წლის პერიოდში, ერთი თვით სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ იქნება წარმოდგენილი, ამის შესახებ მცირე ბიზნესის დამფუძნებელმა, ნინო ჩაჩუამ BM.GE-სთან ისაუბრა.

ნინო ჩაჩუას ცნობით, წარმოება თავდაპირველად მხოლოდ 200 ლარით დაიწყო და თბილისში, ხელით მოხატულ ორგანულ ორცხობილებს აწარმოებს. პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება, თუმცა „თაფლაკვერი“ აქტიურად იღებს მონაწილეობას გამოფენა-გაყიდვებშიც.

მცირე ბიზნესის დამფუძნებლის ცნობით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაწყებულმა პროცესებმა, მათ შორის „რუსული კანონის“ მიღებამ ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი გამოფენა-გაყიდვის IWA Winter Fair 2024 გაუქმება განაპირობა, რომელსაც ელჩების მეუღლეები უკვე მრავალი წელია მართავენ. ქვეყანაში, მიმდინარე წლის ნოემბრიდან განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით კი ყველა ორგანიზაციამ საახალწლო და საშობაო გამოფენა-გაყიდვებიც გააუქმა.

„ვაწარმოებთ ხელით მოხატულ ორცხობილებს. ნედლეულს სრულად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. ჩვენი ორცხობილების საშუალო ღირებულება 3 ლარიდან 15 ლარამდეა, თუმცა გვაქვს სასაჩუქრე ნაკრებიც 25-დან 150 ლარამდე. მოთხოვნა სადღესასწაულო დღეებში ძალიან მაღალია. ამასთან, დავდივართ კორპორაციულ ღონისძიებებზეც.

ხელისუფლების მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რამაც საზოგადოების მკაფიო პროტესტი განაპირობა, მივიდა იქამდე, რომ უდიდესი ღონისძიება, რისი საშუალებითაც მცირე მეწარმეები დიდ შემოსავალს ვიღებდით (საუბარია ელჩების მეუღლეების მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე), გაუქმდა. ამასთან, გაუქმდა ყველა ადგილობრივი საშობაო მარკეტი, რომელიც ახალი წლის პერიოდს უკავშირდებოდა. მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით დავრჩით ყველა დამატებითი შემოსავლისა და კორპორაციული შეკვეთების გარეშე და ჩვენი პროდუქციის შეძენა 5 იანვრამდე მხოლოდ „გალერია თბილისში“ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მეწარმემ.

მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მიერ მოწყობილ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას არ გეგმავენ. მისივე ცნობით, სივრცე, რომელიც მათ შექმნეს საზოგადოების სამსახურში იქნება მთელი საახალწლო პერიოდი და მიუხედავად მძიმე, რთული მოცემულობისა ეცდებიან სითბო, სიყვარული და სიტკბო მომხმარებლებს არ მოაკლონ.

ხელით მოხატული ორცხობილების მწარმოებელი კომპანიის „თაფლაკვერის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მერიის მიერ მოწყობილი საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადიც კი არ შეუვსიათ, რადგან მათი განწყობა მხოლოდ წელს განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები