გორის რაიონის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. წინა ტენდერი, რომელსაც მშენებელი კომპანია ჯერ კიდევ 4 თვის წინ უნდა გამოევლინა უშედეგოდ დასრულდა, ათივე მონაწილე ტექნიკური დოკუმენტაციის გამო იქნა დისკვალიფიცირებული. მოგვიანებით ერთ-ერთმა -,,ჯეო სერვისმა“ დავების საბჭოს მიმართა, თუმცა კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებით თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მილიონ 233 ათას ლარადაა შეფასებული. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელში უნდა დაასრულოს.
აღსანიშნავია, რომ საწარმოს მშენებელი კომპანიის გამოვლენის ეს უკვე მესამე მცდელობაა. პირველად ტენდერი გასული წლის ბოლოს იყო გამოცხადებული, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა. პირველ ტენდერში 11 კომპანიის განაცხადი იყო შესული.
გორის რაიონის სოფელ ბერბუკში საქართველოში ყველაზე მსხვილი თაფლის გადამამუშავებელი საწარმო უნდა აშენდეს, რომელიც ევროპის ბაზარის მოთხოვნების შესაბამისად სტანდარტიზებული თაფლის წარმოებას შეძლებს. მშენებლობის დასრულებისა და სრულად აღჭურვის შემდეგ, რაც დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება, საწარმო სამართავად კოოპერატივებს გადაეცემა. წინასწარი პირობით ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არანაკლებ 35 თაფლის მწარმოებელი კოოპერატივი გაერთიანდება, რომლებსაც ჯამში მინიმუმ 7 ათასი სკა ფუტკარი ეყოლებათ.
გადამამუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა აშენდეს.

























