გორის რაიონის სოფელ ბერბუკში მშენებარე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოსთვის აღჭურვილობას გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენენ.
1 მილიონ ლარამდე ღირებულების შესყიდვაზე ნებართვის მისაღებად, კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
უწყება ამის მიზეზად ორჯერ ჩაშლილ ტენდერს ასახელებს.
გარდა ამისა, პროექტისთვის ფული მომავალი წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული, ამიტომაც უწყება მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებას 2018 წლის ბოლომდე აპირებს.
ბერბუკის თაფლის გადამამუშავებელი საწარმოსთვის უნდა შეიძინონ ჩამომსხმელი დანადგარი, ფიჭის დამამზადებელი დანადგარი, თაფლის რეზერვუარები, საკუპაჟე დანადგარები და სხვა საჭირო მოწყობილობები.
ბერბუკის საწარმოში, საათში 800 კილოგრამამდე თაფლის გადამუშავება იქნება შესაძლებელი, ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და თაფლის მწრმოებელი კოოპერატივებისთვისაა განკუთვნილი.
პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.