მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თაფლზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბაზარს სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ - "აპისახლი"

მეფუტკრეობა

მოთხოვნა თაფლზე იმდენად დიდია, რომ ბაზარზე მომხმარებელი აუთვისებელი რჩება, - ამის შესახებ BM.GE-სთან მეფუტკრეობა „აპისახლის“ დამფუძნებელმა, მარიამ კილაძემ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მეფუტკრეობა 2020 წელს, ავსტრიის ფონდის თანადაფინანსებით დაარსდა. წარმოება 1 ფუტკრის ოჯახით დაიწყო და ამ დროისათვის მეფუტკრეობაში 60-მდე ოჯახი ჰყავთ. მეურნეობა მომხმარებელს მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსებს, ეკო-ტურებს ყველა ასაკის სტუმრებისთვის და ნატურალური ფუტკრის პროდუქტებს სთავაზობს.

მარიამ კილაძის ინფორმაციით, წლიურად დაახლოებით 400-500 კილომდე თაფლს აწარმოებენ და ძირითადად ონლაინ, ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. ის დასძენს, რომ ბაზარზე მომხმარებელი აუთვისებელია და საჭიროა კომუნიკაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქციაა თაფლი.

“ამ დროისათვის 3 სახის თაფლს, კერძოდ აკაციას, წაბლისა და მინდვრის თაფლს ვაწარმოებ. ასევე, ფიჭიან თაფლს და ყვავილის მტვერს. 1 კგ. აკაციის და წაბლის ღირებულება 30 ლარია, ხოლო მინდორი 25 ლარი.

ამ დროისათვის 60 ოჯახი მყავს და ისინი სხვადასხვა ლოკაციებზე მაქვს გადანაწილებული. სადემონსტრაციო საფუტკრე სოფელ სართიჭალაში მაქვს მოწყობილი, სადაც სტუმრებს ვიღებ და მეფუტკრეობას ვასწავლი, ხოლო დანარჩენი ფუტკარი საგურამოსთან, სოფელ ახატანში მყავს და დასავლეთით ვამთაბარებ ხოლმე. მოთხოვნა თაფლზე იმდენად დიდია, რომ მომხმარებელი აუთვისებელია. უბრალოდ საჭიროა, რომ სწორად მოხდეს მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს”, - ამბობს მეურნეობის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, წელიწადში ერთხელ მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსებს ატარებს, რომელიც 3 თვე გრძელდება. კურსის ფარგლებში მოსწავლეები როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე თეორიულ ცოდნას იღებენ. ბოლოს კი, გამოცდას აბარებენ, რის შემდეგაც სერტიფიკატს იღებენ.

“წელიწადში ერთხელ ვატარებთ ხოლმე კურსს. კურსი სამ თვიანია და იწყება მარტიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, მომხმარებელი იღებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას. კურსის ბოლოს არის გამოცდა, რისი წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ სერტიფიკატი. კურსის ფარგლებში 10-20 ადამიანამდე ხდება მიღება. კურსის მთლიანი ღირებულება არის 500 ლარი. დაინტერესება ამ კურსზე საკმაოდ დიდია, რადგან სავარაუდოდ, ადამიანები ბუნებას უბრუნდებიან, ხვდებიან რა მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. ამასთან, ვყიდი ფუტკრის ოჯახებს. ერთი ოჯახის ღირებულება 350 ლარია.

მინდა, რომ ჩემი მეურნეობა გავაუმჯობესო და მომხმარებელს უფრო საინტერესო აქტივობები შევთავაზო. მინდა, რომ ინოვაციური ადგილი მოვაწყო. რომელიც ადამიანს ბუნებასთან მეტად დააახლოებს”, - ამბობს კილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები