ამერიკულმა და ბრიტანულმა საგამოძიებო სამსახურებმა Prince Holding-ის სახელით ცნობილ თაღლითურ ორგანიზაციას 15 მილიარდი დოლარის ბიტკოინი და სხვა კრიპტოაქტივები ჩამოართვეს, რაც ინდუსტრიულ რეკორდს წარმოადგენს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Prince Holding-ის ხელმძღვანელებს ბრალად ედებათ: თაღლითობა, ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, ინვესტორების მოტყუება და ტრეფიკინგი. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, თაღლითური ქსელი სამხრეთ აზიის რეგიონში ოპერირებდა, საიდანაც ინვესტორებისგან კაპიტალს იზიდავდა და ითვისებდა. ამასთან, კომპანია არალეგალური ნივთიერებების რეალიზაციასთან იყო დაკავშირებული.
გამოძიების ფარგლებში, დაკავებული იქნა 37 წლის ჩენ ჟი, რომელსაც თაღლითური ორგანიზაციის დაფუძნება და ოპერირება ედება ბრალად.
მართალია, ინტერნეტში Prince Holding-ის შესახებ სანდო ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება, თუმცა განხორციელებული ტრანზაქციებიდან ჩანს, რომ კომპანია მინიმუმ 30 ქვეყანაში ოპერირებდა და არალეგალური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს კრიპტოში ინახავდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.
საკითხთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და უახლოეს მომავალში Prince Holding-თან დაკავშირებული სხვა პირების დაკავებაც არის მოსალოდნელი. ჩამორთმეული ბიტკოინი, სავარაუდოდ, აშშ-ის სახაზინო რეზერვში გადავა.

























