მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ თანხას" - ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

გამოძიება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით გაიმარჯვეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რის შემდეგაც, თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტების წარდგენის გზით, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხას - 12 368 ლარის ოდენობით.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული ოთხი კომპანიის სახელით გაწერეს ჯამში 1 303 593 ლარის ღირებულების, თითქოსდა მომსახურების გაწევის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც, შეიქმნეს 198 853 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 180-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები