"სტუდია მონიტორის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K ჯგუფის საქმეზე ამ ეტაპზე არავინაა დაკავებული
"როგორც გავარკვიეთ, თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოვავლინეთ, ქვეყანა დატოვეს", - აქვეყნებს "სტუდია მონიტორი".
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა. საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 13 მარტს მიმართა.
სტუდია "მონიტორის" ცნობით, დაყადაღებულია:
- აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება.
- მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს გადააფორმა სხვა პირზე.
- ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში.
- თახირ სულთანოვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება — მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში.
ჟურნალისტური გამოძიება, რომელზეც სტუდია მონიტორმა, “აი, ფაქტმა”, ფლანგვის დეტექტორმა, OCCRP და 30-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ იმუშავეს, 5 მარტს გამოქვეყნდა. მათ დაადგინეს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ქოლ-ცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.



























