დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგსუკან. თუნდაც ამ მხარეში, დაწყებული ადამიანების აუცილებელი საჭიროებებით, დამთავრებული - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ვერავინ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც მევენახეობის ისეთ დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს ჩვენი ხელისუფლებისგან. დაახლოებით 60 პროექტია დაფინანსებული რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, რომელიც უმეტესწილად ყურძნის შესყიდვასა და მევენახეობის დარგის განვითარებას ხმარდება; სუბსიდირებისა და აგროკრედიტების თვისებრივად განსხვავებული სისტემის გატარებით სახელმწიფომ მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება, რათა მიეღო და გადაემუშავებინა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ყურძენი. 2013-2017 წლებში რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის ჩაბარების შედეგად შემოსავლების სახით 29 მლნ ლარი მიიღო და ეს ტენდენცია საბედნიეროდ მზარდია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო იხვეჭს სახელს, როგორც ღვინისა და ვაზის უნიკალური ჯიშების სამშობლო. ამას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით”,- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.