მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ იოსელიანმა ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო გეგმები გააცნო

თამარ იოსელიანი ამერიკის დელეგაციასთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.

"მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.

საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები", - იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.

ცნობისთვის, უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 8 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გამოავლინა. 10 წლის თავზე საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებების პროცესშია. კერძოდ, ანაკლიის პორტის პროექტებს მთავრობა ახორციელებს როგორც პორტის აქციონერი, მოლაპარაკებები ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან გრძელდება, რომელიც 2024 წლის მაისში საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ დასახელდა, თუმცა ამ დრომდე მასთან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არაა.

პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები