ბოლო წლებია პაციენტების მხრიდან სამედიცონო პერსონალის მიმართ ბრალდებები, პრეტენზიები, საჩივრები და საპროტესტო გამოსვლები გახშირდა. მედიკოსების უყურადღებობის და არაპროფესიონალიზმის ბრალდებით მრავალი სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში გამართულ ხმაურიან აქციაზე, სადაც გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ექიმს ადანაშაულებდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.
პაციენტის უფლებების დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე იურისტი, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასისტენტ-პროფესორი და სამედიცინო სამართლის მკლევარი თამარ კერძაია საუბრობს.
- პაციენტის უფლებების დარღვევაზე ხშირად საუბრობენ, რამდენად იცავს კანონი პაციენტის უფლებებს და როგორ არეგულირებს ამ საკითხს კანონი?
– საქართველო, იტალიისა და საფრანგეთის მსგავსად, იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც კანონმდებლობა, სამედიცინო დავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთს სამედიცინო დაწესებულებას აკისრებს. მარტივად რომ ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა ამტკიცოს, რომ პაციენტისთვის მიყენებული ზიანი მისი ბრალით არ არის გამოწვეული. ამასთან, საკითხის მხოლოდ სამართლებრივი რეგულირება შედეგს ვერ იძლევა. ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ დავებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, დავა გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტის კანონით დაცული უფლებების არცოდნით, რაც, საბოლოოდ, პაციენტებისადმი არასათანადო მოპყრობაში ვლინდება. პაციენტის უფლებების არცოდნის დემონსტრაციაა, მაგალითად, როცა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი ტელევიზიით მთელ ქვეყანას ამცნობს პაციენტის შინაგანი ორგანოების დაზიანების შესახებ ინფორმაციას, მაშინ, როცა პაციენტისაგან თანხმობა ამის შესახებ მიღებული არა აქვს.
- უმეტესად რა სახის პრობლემის წინაშე დგება პაციენტი, ყველაზე ხშირად რა ფაქტორები ხდება სამართლებრივი დავის მიზეზი?
– დაზარალებულ პაციენტთა დიდი ნაწილი საუბრობს ექიმების არაფროფესიონალიზმზე, ამასთან, დავის გამომწვევ მიზეზად, ხშირად, პაციენტები სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობას, გულგრილ და უხეშ დამოკიდებულებასა და დაგვიანებულ პასუხებსაც ასახელებენ. მიმაჩნია, რომ პაციენტისადმი სათანადო მოპყრობის შემთხვევაში, ბევრად ნაკლები იქნება პაციენტის მიერ სამართლებრივი დავის წამოწყების შემთხვევები.
- სამართლებრივი დავა ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების იმიჯსა და რეპუტაციაზე...
– ექიმებისა და მედდების მხრიდან ემპათიური დამოკიდებულება და ზოგჯერ შეცდომის შემთხვევაში, მათი აღიარება, ბევრად უკეთეს შედეგებს იძლევა და შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებასაც ასეთ დროს ბევრად უფრო იაფი უჯდება დაშვებული შეცდომის გამოსწორება, ვიდრე უხეში და უდიერი დამოკიდებულებით გამწარებულ პაციენტთან წარმოებული სამართლებრივი დავის შემთხვევაში, რომელიც სამედიცინო დაწესებულების არამხოლოდ პირდაპირ ხარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ, რეპუტაციის შელახვით გამოწვეულ არაპირდაპირ მატერიალურ ზარალშიც აისახება.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მსგავსი შემთხვევების შესამცირებლად?
– სამედიცინო დაწესებულების იურისტებმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმუშაონ თავიანთ სამედიცინო პერსონალთან, რომ ერთი მხრივ, მოხდეს მათი სწორი ინფორმირება პაციენტის უფლებების შესახებ და მეორე მხრივ, შეცდომების დაშვების შემთხვევაში, შეძლონ მათთან სწორი და სამართლიანი დიალოგის წარმოება.
(R)

























