მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ ყაჭაშვილი: “დღეს ბიზნესს გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია”

5ed67d6ae06c6
ანი ციხისთავი
02.06.20 22:00
1416
“ვერცერთი ბიზნესი დღეს გრძელვადიან პროგნოზს ვერ გააკეთებს, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში კომპანია "კავკასიის გენეტიკის" დამფუძნებელმა თამარ ყაჭაშვილმა ისაუბრა.

ყაჭაშვილის თქმით, “კავკასიის გენეტიკისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოცდილებაა, რომელიც მას გამოწვევების გამკლავების საშუალებას აძლევს, თუმცა, მისი აზრით, პანდემიის სიტუაციამ “მსოფლიო ამოაყირავა” და დღეს გრძელვადიანი პროგნოზების გასაკეთებლად ბიზნესებისთვის გამოცდილებაც აღარ არის საკმარისი.

როგორც თამარ ყაჭაშვილი გადაცემაში ყვება, პანდემიის დროს კომპანიაში საოპერაციო სისტემის გადაწყობა დასჭირდათ. “იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სფერო მეცხოველეობაა, ვერ გავჩერდებოდით, ამიტომ დისტანციურ ფორმატზე გადავედით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის პრობლემა არ შეგვექმნა”,- აღნიშნავს ის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, პანდემიას “კავკასიის გენეტიკის” გეგმებზეც ჰქონდა გავლენა.

“ძალიან ბევრ რამეში მოგვიწია დაპაუზება”,- აღნიშნავს თამარ ყაჭაშვილი. მისი თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანია სხვადასხვა ბაზრების ათვისებასა და საკუთარი პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავდა. თუმცა პანდემიის გამო ამ გეგმების განხორციელება ვერ მოხერხდა.

“ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჩვენივე სფეროში კონსულტაციები და სწავლებაა, რადგან კვალიფიციური კადრები ჩვენს სფეროში დეფიციტურია და მათი არსებობა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ვამუშავებდით სასწავლო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებდა სასწავლო ფერმის მენეჯმენტის პროგრამის შექმნას საქართველოში. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან წაადგებოდა ჩვენს სფეროს. ინტერესი და ჩართულობა, რა თქმა უნდა, მაღალი იყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება მომავალში”,- აცხადებს კომპანია “კავკასიის გენეტიკის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები