მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თამაშობანა“ მზიურში მულტიფუნქციური სივრცის გახსნას გეგმავს

თამაშობანა

ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი „თამაშობანა“, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამაგიდო თამაშების ნაირსახეობას სთავაზობს, წელს ახალ, მულტიფუნქციურ სივრცეს ხსნის. ამის შესახებ BM.GE-სთან „თამაშობანას“ დამფუძნებელმა, ნაუ სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი სივრცე მზიურში განთავსდება. თუმცა, საჭირო ინვესტიცია ამ ეტაპზე არ სახელდება.

„ახალი მულტიფუნქციური სივრცე დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული და დაბადების დღის ჩასატარებელ სივრცეს, ასევე, სემინარებისა და სხვა აქტივობებისთვის ჩასატარებელ სივრცეებს და კაფეს გააერთიანებს.

უცხოელი არქიტექტორები გვყავს, რომლებიც საბავშვო სივრცეების მოწყობაში არიან სპეციალიზებული. სივრცე როგორც ბავშვების, ასევე მათი მშობლების ინტერესებს სრულად დააკმაყოფილებს," - აცხადებს სონღულაშვილი.

რაც შეეხება წარმოების ზრდას, სონღულაშვილის განმარტებით, ზრდა მხოლოდ ახალი პროდუქტების დახმარებით იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანია სამი სახის ახალ სამაგიდო თამაშზე მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა მიზნებზე, მათ შორის ბავშვებში ფინანსური განათლებისა და ბუნების თემატიკაზე ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული. აღნიშნულის სარეალიზაციოდ გაშვება, წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, გასულ წელს, კომპანიას შემოსავლები 3-ჯერ გაეზარდათ. მისივე თქმით, "თამაშობანას" პროდუქციის მომხმარებლები როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრები არიან.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სამაგიდო თამაშები ინგლისურ და ქართულ ენებზეა, ხშირად საზღვარგარეთ სასაჩუქრედაც კი მიაქვთ", - აღნიშნა სონღულაშვილმა.

გამოწვევებზე საუბრისას კი, "თამაშობანას" დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა პატარა ბაზარია, - "როდესაც მასშტაბურ წარმოებასთან არის საქმე, ბაზარზე მისაღები ფასის განსაზღვრა რთულია. ამასთან, ხარისხიც მუდმივი გამოწვევაა და ამაზეც მუდმივად მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე, ყველა ჩვენი პროდუქცია, რასაც ვბეჭდავთ, ამერიკისა და ევროპული ქვეყნებისთვის სასკოლო აკრედიტაციისაა. ამის გამო, პროდუქციის წარმოება მართალია უფრო ძვირი გვიჯდება, მაგრამ ჩვენთვის ხარისხია მნიშვნელოვანი,“- განაცხადა სონღულაშვილმა.

"თამაშობანას" 30-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები