"დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზებს შორის იმპორტის მაღალი მაჩვენებელი და საბიუჯეტო დანახარჯებია.
"გვაქვს დინამიკა წლების მანძილზე, როცა ლარის კურსი უფასურდება. ამას აქვს გარკვეული ახსნა, ლოგიკა. მე გარკვეული ანალიზი გავაკეთე – როდესაც ავიღებთ ბოლო ოთხ წელიწადს და იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობას შევხედავთ, არ იცვლება პრაქტიკულად – 25/75–ზეა. ლარის კურსის დევალვაცია უნდა უწყობდეს ხელს ექსპორტის გაიაფებას და ამ კუთხით ნაკლები როლი შეასრულა. მე უბრალოდ კითხვას ვსვამ, რა ფუნქცია ჰქონდა ლარის გაუფასურებას? – ეს არ იყო მხოლოდ გარეშე ფაქტორები, რადგან თუნდაც ბოლო პერიოდში, დოლარი ცოტა ხნით გამყარდა, შემდეგ ისევ გაუფასურდა, მაგრამ ეს არ დაეტყო ლარს.
რა არის ლარის დევალვაციის მიზეზი? – ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად არის საბიუჯეტო დანახარჯები. ფულადი მასა ძალიან გაზრდილია, 2014 წლის შემდეგ – 115%–ით. დეპოზიტების ლარიზაციაზეა კიდევ საუბარი – ლარიზაციის მიმართულებით კარგად ვერ ვართ, რადგან ახლა დოლარში 63%–ია, როცა 2013 წელს იყო 59%", – განაცხადა დაუშვილმა გადაცემაში "Forbes კვირა" საუბრისას.
გარდა ამისა, "დიოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ სხვა ფაქტორებზეც ისაუბრა.
"ძირითადად მთავარი შემაფერხებელი მთლიანად ქვეყნისთვის არის კომპეტენციის პრობლემა. ქვეყნის შენება პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე დავიწყეთ. შემდეგ უკვე იყო დიდი გაურკვევლობა, რა უნდა გაგვეკეთებინა და ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა დღესაც და როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ინდიკატორებზე, უფრო მეტად არის კომპეტენციის პრობლემა ბიზნესსა და ეკონომიკაში. ამას დაერთო ბოლო პერიოდში პოპულისტური მოძრაობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიოში, როცა ჩვენ მოსახლეობას ვპირდებით ისეთ რაღაცას, რისი გაკეთებაც პრაქტიკულად შეუძლებელია და ჩვენივე ხაფანგში ვერევით", – აღნიშნა მან.

























