კომპანია "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი რუსეთიდან ფრენების აკრძალვის ფონზე ლარის კურსის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ახლა ჯერი მთავრობაზეა, რამდენად ადექვატური იქნება მომავალ თვეებში. ამის შესახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ეხლა ხომ გამოჩნდა, რომ არ იყო სწორი აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ოკუპანტს უნდა ელაპარაკო მხოლოდ დეოკუპაციაზე და მორჩა. არავითარი ღვინო, ბორჯომი, ტურისტები... თუმცა, რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე, არასდროს. პუტინის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ ეფექტს ჩვენს საგარეო შემოსავალზე და ლარის კურსზე. წინასწარ ვურჩევ მთავრობას, შესაძლო ნეგატიური შედეგების ვინმე სხვაზე გადაბრალებას არ შეეცადოს. საქმე როცა გაქვს ქვეყნის ისეთ ვერაგ მტერთან, როგორიც პუტინია, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ასე, რომ რაც დავთესეთ, კარასინი-აბაშიძის ფორმატით, იმას მოვიმკით, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია. ეტყობა ქართველებს ერთი მაგალითით სწავლა არ შეგვიძლია, მაგრამ არა უშავს, ამასაც გადავიტანთ. მთავარია გამოვფხიზლდით. მადლობა ამისთვის ჩვენს ახალგაზრდობას. ახლა ჯერი მთავრობაზეა, რამდენად ადექვატური იქნება მომავალ თვეებში.
P.S. თუმცა ამას რომ მივმხვდარიყავით, აუცილებლად ახალგაზრდების ჯანმრთელობა უნდა შეგვეწირა?!", – წერს თამაზ დაუშვილი.

























