მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

5c7f692b96126
თათია ჩაფიჩაძე
06.03.19 10:25
1506

კომპანია "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებთან მიმართებით გარკვეული ტიპის უსამართლობას აქვს ადგილი.

"მე დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა არ დამთავრდება ცუდად არც "თიბისი ბანკისთვის" და არც ხაზარაძისთვის და სამართალი იზეიმებს. დეტალურად ვერ ჩავეძიებით, თუმცა აშკარად იგრძნობა ის, რომ რაღაცა ტიპის უსამართლობასთან გვაქვს საქმე. ასე რომ არ იყოს, ასეთი მღელვრება არ იქნებოდა, არ იქნებოდა საკომიტეტო მოსმენები, რომელიც ქართულ ისტორიას არ ახსოვს. თუ 27 წლის ბიზნესთან მიმართდებით დავინახავთ უსამართლობას და ვიცით, რა პერიოდში მოხდა ამ ბიზნესის დაწყება, ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს", - განაცხადა დაუშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში".

მან ბიზნესის მთავრობასთან კომუნიკაციის თემაზეც ისაუბრა და არსებული პრაქტიკა "წარსულის გადმონაშთად" შეაფასა.

"წარსული გადმონაშთია, როდესაც მსხვილი ბიზნესი გარკვეულ კომუნიკაციაშია მთავრობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე და ეს კომუნიკაცია არის დახურული. როცა კულუარებში ხდება რაღაც, გარკვეულ ეტაპზე იწვევს ასეთი ტიპის მოვლენებს. თავად მამუკა ხაზარაძემაც ისაუბრა და ინანა ასეთი ტიპის შეხვედრებზე მონაწილეობის მიღება.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა და ღიად უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ბიზნესის ღიაობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ გეგმების კუთხითაც, ყველაზე დიდი დამცავი ფარი არის ღიაობა", - მიიჩნევს თამაზ დაუშვილი.

ამასთან, "დიოს" ხელმძღვანელი ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი აქტიურობისკენ მუწოდებს.

"ასეთი ფართო მასშტაბის შემთხვევა არ ყოფილა ადრე და ალბათ, გარკვეული დრო სჭირდება ბიზნესს, რომ გადახარშონ, მოიფიქრონ და ადაპტირდენენ. აქ მნიშვნელოვანია მამუკას და ბადრის კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან. ყველაფერი პირდაპირ ეთერში შეიძლება ვერ თქვა, ამიტომ უნდა მოხდეს კომუნიკაცია ასოცაციის ფარგლებში და განიხილონ ეს საკითხი და მერე გააკეთონ კომენტარები არა მხარდაჭერის, არამედ იმისთვის, რომ სწორედ წარიმართოს მოვლენები.

ყველა სამართლიანობის მომხრეები ვართ, მაგრამ კანონი უნდა იყოს ყველასთვის და არა - ორისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმძაფრით ხდება ამის აღქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრობლემა არ მოხსნილა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ ამ კუთხით თავისი აზრი გამოხატონ და უსამართლოდ არავინ დაიჩაგროს", - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები