მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაფუძნებული კომპანია ევროპის ფინტექ-ჩემპიონობას უმიზნებს

60e96af18868a
ელენე გოგბერაშვილი
10.07.21 20:00
1329
თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-კომპანია Raisin-ი და გლობალურ ბაზარზე აღიარებული კიდევ ერთი გერმანული ფინტექ-კომპანია Deposit Solutions-ი ერთიანდებიან. გაერთიანებულ კომპანიას Raisin DS-ი დაერქმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კომპანიები იმუშავებენ შერწყმის პროცესის დასრულებაზე, თუმცა ძირითადი პროცედურები ამ კუთხით უკვე დამთავრებულია, საჭიროა მისი ოფიციალურად გაფორმება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი #Forbestalks-ში აცხადებს, გაერთიანების შედეგად კომპანიები ერთად, როგორც გერმანელი ფინტექ-ჩემპიონები, ინდუსტრიის სტანდარტებს საინვესტიციო და სადეპოზიტო ბაზარზე გაზრდიან და ევროპის საბანკო სექტორს მნიშვნელოვან გადაწყვეტებს შესთავაზებენ.

„ჩვენ მართლა გვგონია, რომ გაერთიანებულ კომპანიას, რომელსაც 600-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, თავისი საბანკო ლიცენზია აქვს, საკმაოდ კარგი პროდუქტი აქვს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, პოტენციალი აქვს ევროპის ერთ-ერთი ფინტექ- ჩემპიონი გახდეს. ჩვენ ასევე გავაცხადეთ, რა მოცულობის ინვესტირება გავაკეთეთ. ეს 20 მილიარდზე მეტია, რომელიც სიაში პირველ ადგილზე გვაყენებს.

ზრდის ტემპებიც კარგია, 40%-ით გავიზარდეთ შარშანდელთან შედარებით და მგონია, რომ ამ ზრდის ტემპს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, რადგან გაერთიანებულ კომპანიას მეტი რესურსი აქვს და უფრო მარტივად შეძლებს როგორც ახალი პარტნიორების აყვანას, ისე მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას“- აცხადებს თამაზ გიორგაძე.

Deposit Solutions-მა, რომელიც 2011 წელს დაარსდა, ახალი ღია ინფრასტრუქტურა შექმნა გლობალური სადეპოზიტო ინდუსტრიისთვის. დღეისთვის კომპანია 200-ზე მეტ ბანკთან თანამშრომლობს ორი კონტინენტის 20-ზე მეტ ქვეყანაში და ევროპასა და აშშ-ში 30 მილიონზე მეტ დეპოზიტარს აკავშირებს.

თამაზ გიორგაძის მიერ დაფუძნებულ ფინტექ-კომპანია Raisin-ს კი, რომელიც გერმანიაშია ბაზირებული, 355,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შვიდი წლის წინ დაწყებული სტარტაპი დღეს უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში 103 ბანკთან თანამშრომლობს. Raisin-ი მომხმარებელს სასურველი სადეპოზიტო პროდუქტების ერთ სივრცეში ერთმანეთთან შედარებასა და ამორჩეული პროდუქტის შეძენაში ეხმარება. გარდა ამისა, Raisin-ი ხელს უწყობს ბანკებს, მიიღონ წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

„ჩვენი მთავარი პროდუქტი შემნახველი ანგარიშებია. ამასთან ჩვენ სამი წლის წინ საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტების ხაზი გავხსენით. ამ სამი წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი ევრო შემოვიდა საინვესტიციო ანგარიშებზე. კლიენტების ბაზა, ვისთვისაც ამის შეთავაზება შეგვიძლია, გაფართოვდა. 550 ათას კლიენტი გვყავს ორივე კომპანიაში.

ამერიკის ბაზარზე საქმიანობა ორივე კომპანიამ დავიწყეთ სხვადასხვა სტრატეგიით. იქ გვინდა მეტის ინვესტირება, რომ ამერიკის ბაზარი ჩვენთვის მშობლიური ბაზარი გახდეს. დღეს ყველაზე დიდი ბაზარი ჩვენთვის მაინც გერმანია რჩება, სიდიდით მეორე არის გაერთიანებული სამეფო. მგონია, რომ ამერიკას ძალიან კარგი პოტენციალი აქვს 1-2 წელიწადში რიგით მესამე ბაზარი გახდეს“-აცხადებს თამაზ გიორგაძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები