მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამაზ მეჭიაური თვითმმართველობების გაძლიერებაზე: ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა

5cacbdf09a6be
დათო ჯალაღონია
09.04.19 20:20
749
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019-2025“-ის პროექტს აფასებს.

როგორც BM.GE-თან საუბრისას მეჭიაურმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობასა და პარლამენტში დეცენტრალიზაციაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, აღნიშნული პროცესი მაინც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, მხოლოდ უფლებების მოცემა ისე, რომ ამას არ ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, ეს შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ნამდვილად არ მაქვს ძალიან დიდი პრობლემები, თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მე მქონდა დაყენებული მთავრობის წინაშე, დადებითად გადაწყდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილზე არ შეიძლება გაკეთდეს ბევრი რამ, რომელიც საჭიროებს ზედმეტად ჩარევას ხელისუფლებიდან. კერძოდ, უნდა მოხდეს მთელი რიგი უფლებების გადაცემა მერიებზე, მუნიციპალიტეტებზე, რასაც უნდა ახლდეს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტროლის გარეშე იყოს დარჩენილი. არსებობს საკრებულოები, აუდიტის სამსახური, უნდა ჰონდეს მაქსიმალურად მეტი დამოუკიდებლობა თვითმმართველობებს, მაგრამ ამავე დროს უნდა კონტროლდებოდეს თითოეული თეთრი, რომელსაც ისინი დახარჯავენ“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

ამასთან, თიანეთის მერი მიიჩნევს, რომ ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება რეგიონებს მეტ დამოუკიდებლობას მისცემს, მანამდე იქ საჭიროებები უნდა დააზუსტოს.
„ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, საბოლოო ჯამში. თუნდაც საშემოსავლოს (გადასახადის) რაღაც ნაწილის დატოვება ადგილზე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხსნა მხოლოდ და მხოლოდ. არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ხდებოდეს მთელი რიგი გადასახადების ამოღება ცენტრალიზებულად, მაგრამ შემდეგ შესაბამისი ტრანსფერებით ხდებოდეს დარეგულირება რეგიონებს შორის პრობლემების და ამავე დროს, ეს თანხები მაქსიმალურად უნდა იხარჯებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობების, საკრებულოების გადაწყვეტილებით, მხოლოდ მერის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ მე საკრებულოსთან არცთუ ისე დალაგებული ურთიერთობა მაქვს“, - აღნიშნა მეჭიაურმა.

დეცენტრალიზაციის თემაზე საუბრისას თიანეთის მერი ცალკე გამოყოფს ინფრასტრუქტურულ საკითხებს.

„ჩვენთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ მხრივ საწუწუნო ნაკლებად მაქვს, მაგრამ თუნდაც დაპროექტებიდან დაწყებული, ყველაფერი ტენდერებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ეს დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან, რომელიც ხშირად დროშა გაწელილი“, - განმარტავს მეჭიაური.

ცნობისთვის: დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტში მოცემულია ის გამოწვევები, რაც დღეს ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ასევე დოკუმენტი გარკვეულწილად, მთავრობის გეგმებს გვთავაზობს.

მაგალითად, სტრატეგიაში წერია, რომ ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები გადაიხედება და საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება, ასევე ლიცენზირების გარკვეული სახეები თვითმმართველობების კომპეტენციას გადაეცემა. გარდა ამისა, სტრატეგიის მიხედვით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საბიუჯეტო კოდექსში მომზადდება ცვლილებები, რომელთა მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლების გაზრდა იქნება. კერძოდ, მთავრობა საშემოსავლო გადასახადის ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ადმინისტრირებას გეგმავს. უფრო დეტალური სქემა ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები