თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიზნით, 2021 წლია 1 იანვრიდან ქვეყანაში მორიგი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი და აქსესუარი დახლსა და ვიტრინაზე ხილულად ობიექტის შიგნითაც ვეღარ გაიყიდება.
ჩანაწერი კანონში - მუხლი 5: აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება:
ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა);
როგორც თამბაქოს ინდუსტრია, ისე რითეილ სექტორი პანდემიის გავლენით შექმნილი კრიზისული ფონის გათვალიწინებით, მთავრობას რეგულაციის გადავადებას სთხოვს.
„ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ რთული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ამ მარეგულირებელი ნორმის დროში გადავადება მოხდეს. თუ ის მაინც არ გადავადდა, სამწუხაროდ, ეს გამოიწვევს იმას, რომ მოგვიწევს კონტრაქტების გადახედვა, კონტრაქტების გაუქმება და დამატებითი სახსრების ამოღება პირდაპირ ეკონომიკიდან“, - აცხადებს JTI-ს კორპორატიული დირექტორი ივა ხასია.
„ჩვენ ვემხრობით, მაქსიმალურად იქნას გადაწეული ეს ცვლილებები. თამბაქო უნდა იყოს რეგულირებადი, მაგრამ უნდა იყოს რეგულირებადი ეფექტურად ისე, რომ ბიუჯეტმა ერთი წლის განმავლობაში 300 მლნ დოლარი არ დაკარგოს კონტრაბანდული და დაჭრილი თამბაქოს შემოტანის საფუძველზე“, - ამბობს მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელი ლუკა ჭელიძე.
თამბაქოს ინდუსტრია აცხადებს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კომპანიებს მაღაზიებთან დადებული კონტრაქტების გადახედვა მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღზიები დაკარგავენ იმ თანხას, რასაც თამბაქოს კომპანიები მათ პროდუქტის ხილულად განთავსებისთვის უხდიან.
„კონტრაქტებით, რომელიც დღეის მდგომარეობით, ჩვენ და თამბაქოს სხვა კომპანიებს გააჩნიათ მაღაზიებთან, მათ შორის თანხებს ვიხდით იმაში, რომ ჩვენი პროდუქტი განთავსებული იყოს ხილულად. როგორც კი საკანონმდებლო ნორმა ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეს თაროები დაიხურება და დაინტერესება ჩვენი მხრიდან, რომ თანხა გადავიხადოთ, რომ ჩვენი პროდუქტი განთავსებული იყოს კარგ ადგილას, ავტომატურად ქრება“, - აცხადებს ივა ხასია.
"თამბაქოს კომპანია მაღაზიას თავისი სტენდის დადგმაში მინიმუმ 1500-2000 ლარს უხდიდა. ეს თანხა მაღაზიებისთვის ერთგვარი უსაფრთხოების ბადე იყო, რომ ვთქვათ, თუ ორი კვირა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მაღალი არ იქნებოდა და შემოსავალი არ ექნებოდა, ამ თანხით ეს აუცილებლად რეგულირდებოდა“, - აცხადებს ლუკა ჭელიძე.
ამასთან, რითეილ სექტორის წარმომადგენლებს ეჭვი ეპარებათ, რომ ახალი რეგულაცია თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს.
„პრევენციის კუთხით, ეს არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენს, რადგან სიგარეტის მოწევას ადამიანი მაღაზიის შიგნით დანახული თაროდან გამომდინარე არ იწყებს; იწყებს სხვა მწეველებთან კონტაქტით და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს შეზღუდვა იქნება არაეფექტური იმ მიზნის მისაღწევად, რა მიზანიც არის დასახული და არც ისე სასიამოვნო ფინანსური კუთხით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ბიზნესში არის ჩართულები“, - აცხადებს „ნიკორა თრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე.
გადაიხედება თუ არა რეგულაცია ობიექტის შიგნით თამბაქოს ხილულად განთავსების აკრძალვის შესახებ, უცნობია. როგორც კერძო სექტორში ამბობენ, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ბიზნეს ასოციაციები უახლოეს პერიოდში გეგმავენ.