„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გასახვევი თამბაქოს აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას ეხმაურება.
აქციზის მატების იდეა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს ეკუთვნის.
მისი აზრით, კვლევებით დასტურდება, რომ ახალგაზრდები არ იწყებენ მოწევას თუ თამბაქო ძვირია და ვინც ეწევა, ის ნაკლებად ეწევა ან საერთოდ თავს ანებებს.
„ეს არის გზა, რომ თამბაქოს ეპიდემია შევაჩეროთ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.
აკაკი ზოიძისგან განსხვავებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ თამბაქოს გაძვირება ავტომატურად მოწევისთვის თავის დანებებას არ იწვევს.
„როგორც წესი, თუ ძვირდება სიგარეტი, გადადიან უფილტროზე. „ოცნებამ“ გააძვირა უფილტრო, ახლა ხალხის დიდი ნაწილი გადავიდა თუთუნზე და ახლა აკაკი ზოიძე ამბობს, რომ თუთუნიც უნდა გაძვირდეს. ეს ნიშნავს არა უბრალოდ მოწევისთვის თავის დანებებას, არამედ იმას, რომ ადამიანებმა თუთუნში, უფილტროში უნდა გადაიხადონ უფრო მეტი.
პრაქტიკულად მთავრობა დაუფიქრებლად და სრულიად შეუსაბამო გაძვირებით, იმას კი არ უწყობს ხელს, რომ ადამიანებმა თავი დაანებონ მოწევას, ამ გაძვირებით ადამიანებს აგდებენ უფრო სიღარიბეში.
ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში სადაც მოწევის ტენდენცია ქვემით წამოვიდა, ფასი ნელ-ნელა იზრდებოდა, მაგრამ იქ ადამიანებს ზუსტი ბალანსი ჰქონდათ დაჭერილი ფასის ზრადასა და გამაღარიბებელ ეფექტს შორის, რომ ფასის ასე გაუზარებელმა ზრდამ არ გაზარდოს ქვეყანაში კონტრაბანდა, რასაც ვხედავთ და ამან პარალელურად, არ გამოიწვიოს ადამიანების გაღარიბება, რადგან მოწევას კომპლექსური ღონისძიებების გარეშე ადამაინები მოწევას თავს არ ანებებენ.
წლის ბოლოს აკაკი ზოიძე ილაპარაკებს, რომ შემცირდა სააქციზო მარკების რაოდენობა, თითქოს აქედან უნდა დავთვალოთ რამდენი ადამიანი ეწევა თუ არ ეწევა. სინამდვილეში, ეს იქნება გაზრდილი კონტრაბანდის შედეგი და სინამდვილეში მოწევა არ იქნება იმავე პროპორციით შემცირებული, რამდენითაც დაიკლებს აქციზური მარკების რაოდენობა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენ გვექნება არა მოწევის შემცირება, არამედ - კონტრაბანდის ზრდა“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, 1 კგ გასახვევი თამბაქო ამ ეტაპზე 35 ლარით იბეგრება. რაც შეეხება ფილტრიან სიგარეტს, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%–ის ნაცვლად, 30 %–ის გადახდა უწევთ. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერ უფილტრო სიგარეტზე 0.60–დან 1.70 ლარამდე გაიზარდა.

























