თამბაქოს კონტროლის ალიანსი: ხელით გასახვევი თამბაქო აქციზის გარეშე იყიდება
დავით ჯალაღონია
03.03.19 12:10
• 3877
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ხელით გასახვევი თამბაქო საცალო და საბითუმო ქსელში აქციზის გადასახადის გარეშე იყიდება.
როგორც ბახტურიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, საჭიროა, შესაბამისმა სამსახურებმა ამ მხრივ კონტროლი გაამკაცრონ.
"შემოდის თამბაქოს ფოთოლი, ნედლეულის სახით გადამუშავებული და პირდაპირ მოექცევა ხოლმე ბაზარზე, დაბეგვრის გარეშე. ეს ნედლეული საწარმოში კი არ ხვდება, არამედ ბაზარზე ჩვეულებრივად იყიდება, ყოველგვარი აქციზის გადასახადის გარეშე, რაც აქციზს დაქვემდებარებულ საქონელზე გადასახადის გადახდისგან თავის არიდებაა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
ერთ კილოგრამ გასახვევ თამბაქოს, ზოგს 30 ლარი აწერია, ზოგს – 35. თუ ერთ კილოგრამში აქციზი 35 ლარი გადაიხადა, ერთ კილოგრამს 30 ლარად როგორ ყიდის? არ აქვს გადახდილი აქციზი, ამაშია საქმე და ეს არის მასობრივი. ახლა უკვე სპეციალური სათუთუნე მაღაზიებია, მიხვალთ და თამბაქოს გაგიხვევენ, ან უკვე გახვეულს მოგართმევენ, რაც ასევე დანაშაულია. ღერების გაყიდვა აკრძალულია უკვე, 15 წელია და საჯარიმო სანქციაა. რატომ იბრმავებს თავს შემოსავლების სამსახური, ვერ ვხვდები", – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მთავრობას ხელით გასახვევ თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდისკენ მოუწოდებს.
1 კგ გასახვევი თამბაქო ამ ეტაპზე 35 ლარით იბეგრება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%–ის ნაცვლად, 30 %–ის გადახდა უწევთ. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერ უფილტრო სიგარეტზე 0.60–დან 1.70 ლარამდე გაიზარდა.