მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თამბაქოს კონტროლის გამკაცრებაზე კანონპროექტი მთავრობამ ინდუსტრიის ლობისტი ადამიანების გამო დაბლოკა"

578b3883cda7c
BM.GE
17.07.16 11:47
2268
მთავრობა საქართველოს პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტს თამბაქოს კონტროლის გამკაცრებაზე არ ეთანხმება. მთავრობას აღნიშნული კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ასეთი სიახლე შესაძლებელია ბიზნესთან მიმართებით არაეფექტური ნაბიჯი აღმოჩნდეს. მთავრობის დასკვნას თან ერთვის ფინანსთა სამინისტროს შენიშვნები და წინადადებები. ეკონომიკის სამინისტროს კი მიაჩნია, რომ კანონმდებლობა მისი დამტკიცებიდან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის დეტალებზე გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, კახა ღვინიანიძემ ისაუბრა.

- ფაქტია აღნიშნულ კანონპროექტს ამ სახით მთავრობა მხარს არ უჭერს და თქვენმა ალიანსმა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა. რატომ ფიქრობთ, რომ მთავრობამ ეს კანონპროექტი თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებით დაბლოკა?

- ეს ტექსტშიც ცალსახად ჩანს, უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ მთავრობის დასკვნა არაკომპეტენტურია, ვიტყოდი რომ სამარცხვინოა. ის ფაქტობრივ შეცდომებს ეყრდნობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე საკითხი, რომელიც ამ დასკვნაშია მოყვანილი იმის საფუძვლად, რომ ამის გამო არ ეთანხმება მთავრობა კანონპროექტებს, მათი გათვალისწინება ძალიან ადვილია და გათვალისწინებულია კიდეც ახლანდელ ვერსიაში.

- “კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განსაზღვრული დირექტივებისა და რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებამ განაპირობა“,- ეს ამონარიდია კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან, თუმცა ამ მხრივ მეტი კონკრეტიკა წარმოდგენილი არ არის, იზიარებთ თუ არა ამ შენიშვნას?

- პირველ რიგში, საოცარია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მოინახა ადამიანები, რომლებიც კონტექსტიდან ამოგლეჯილად იღებენ ამ ტერმინებს. თუ თქვენ განმარტებით ბარათს ნახავთ, იქ წერია, რომ კანონმდებლობის ინიცირების საჭიროება გამომდინარეობს საქართველოში თამბაქოს სფეროში არსებული კატასტროფული ტვირთიდან, აგრეთვე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციიდან და ევროკავშირის დირექტივების განხორციელების საჭიროებებიდან. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვზრუნავთ და არა რაღაც ქაღალდების შესრულებისთვის. როგორ მოილაპარაკეს ევროკავშირთან და ვინ იყო ჩართული ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ამ დირექტივის დებულებების თითქმის 80% 2003 და 2008 წლიდან საქართველოში უკვე მოქმედია. ყოველივე ეს მგონი დასკვნის იურისტს ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აგდებს. როგორ შეიძლება უკვე მოქმედ დებულებაზე ასეთი რამ დაწერო.

- რა არის თქვენი შემდეგი შენიშვნა?

- რეკლამისა და თამბაქოს ნაწარმის პრეზენტაციის შესახებ დირექტივის ამოქმედების ვადად მათ დასახელებული აქვთ 2018 წელი. ჯერ ერთი ამის გათვალისწინება ძალიან ადვილია. რეკლამა ტელევიზიით, რადიოთი და პრესის გარეკანებზე საქართველოში 2008 წლიდან უკვე ისედაც აკრძალულია და საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი კანონპროექტით მხოლოდ ბილბორდებით და სხვა რეკლამების აკრძალვაა 2017 წლიდან, თუმცა ამ შენიშვნის შესაბამისად მისი ამოქმედება 2018 წლიდანაც შეიძლება და ჩვენ ამას გავითვალისწინებთ.

- საგანმანათლებლო დაწესებულებების რადიუსის 50-დან 100 მეტრამდე გაზრდაზე იყო საუბარი. ოპოზიცია თვლის, რომ ამას შესაბამისი არგუმენტები არ ახლავს. არის თუ არა ეს რეალურად ასე და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული?

-მთავრობის დასკვნის ერთ-ერთი საოცრება იმაში მდგომარეობს, რომ იგი სამინისტროების დასკვნებს არ ეყრდნობა. 7 დებულებიდან, რომელიც ამ მთავრობის დასკვნაშია მოყვანილი, მხოლოდ 3 ადვილად გასათვალისწინებელი დებულება ეყრდნობა სამინისტროების დასკვნას. ეს შენიშვნა ეკონომიკის სამინისტროს დასკვნით იყო გაკეთებული, რომელიც ჩვენ 100%-ით გავითვალისწინეთ და ეს უკვე კარგა ხანია ცნობილია. ამის გამოყენება იმისათვის, რომ კანონპროექტი დაიბლოკოს, ძალიან სერიოზულ ეჭვებს აღძრავს და ჩვენ ვიცით, რომ ასეთ თითიდან გამოწვეულ თემებზე აპელირება, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ხდება. ეს ინდუსტრიის მიერ მოსყიდული ან მისი ლობისტი ადამიანების მიერ დაწერილი დასკვნაა. სხვა შემთხევაში როგორ გავიგოთ, როდესაც ჩვენ შენიშვნა გათვალისწინებული გვაქვს და ამის გამო გვწერენ. ასეთ დებულება ამ დასკვნაში ძალიან ბევრია. ეკონომიკის სამინისტროს ძალიან კომპეტენტური წინადადებები და შენიშვნები აქვს ფინანსთა სამინისტროც წერს თავის დასკვნას და ამ ფონზე 4 ახალი აბსურდული და არაკომპეტენტური დებულება ჩნდება, რომლის საფუძველზეც ასეთი დასკვნა კეთდება.

- ქალბატონი გუგული მაღრაძე საიდან აღმოჩნდა ამ კანონპროექტის ინიციატორი?

- 2013 წლის თებერვალში ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ამ კანონპროექტის პრეზენტირებას ვახდენთ ყველა პარლამენტართან ვისთანაც კი ეს შესაძლებელია. ჩვენ ეს კანონპროექტები მთავრობაში წარდგენილი გვქონდა, განიხილებოდა და ზოგიერთი თამბაქოს ლობისტის მიერ იგი სპეციალურად იქნა დაბლოკილი და მთავრობიდან მან პარლამენტამდე ვერ გამოაღწია. ქალბატონმა გუგულიმ ეს თვის თავზე აიღო და ძალიან კარგი საქმე წამოიწყო, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგი საქმე გააკეთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები