თამბაქოს სექტორი სიგარეტზე ადვალორული გადასახადის შემცირებას ითხოვს. 2018 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზი 1,70 ლარი გახდა, ადვალორული გადასახადი კი, 10%-დან 30%-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქციზის გადასახადის გარდა ერთი კოლოფი სიგარეტის ღირებულების 30% ბიუჯეტში მიდის.
თამბაქოს ინდუსტრია ამბობს, რომ გაზრდილმა გადასახადებმა ქვეყანაში კონტრაბანდა წაახალისა და გაზარდა გასახვევი თამბაქოს შემოდინება, რომელიც მათი თქმით, არ კონტროლდება.
British American Tobacco Caucasus and Moldova-ს დირექტორი იურიდიულ და კორპორატიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე მოლდოვის მაგალითს იხსენებს. მისი თქმით, მოლდოვამ საქართველოს მსგავსად მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და იგივე ვალდებულებები აქვს თამბაქოზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით.
“ამის მიუხედავად, მოლდოვაში აქციზი თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე -საქართველოში და თუ მოლდოვამ შეძლო და ვალდებულებების შესრულება დროში გაახანგრძლივა, რატომ არ შეუძლია იგივე საქართველოს? ჩვენ არ ვითხოვთ, რომ არ გაიზარდოს გადასახადები. გაიზარდოს, მაგრამ ვიცოდეთ, რამდენით იზრდება და გაიზარდოს პროპორციულად და არა - რადიკალურად”,- აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.
კითხვაზე, რამდენად რეალისტურია თამბაქოზე აქციზი ან ადვალორული გადასახადი შემცირდეს იმ ფონზე, როცა საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ აქციზის განაკვეთი ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ განაკვეთს გაუთანაბრდება, JTI-ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიაში ივა ხასია ამბობს, რომ მსგავსი გამოცდილება ევროკავშირში არსებობს.
“საქართველოს მთავრობას შეუძლია მოიტანოს არგუმენტი, რომ არსებობს სპეციფიკური რეგიონული სურათი, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ ასეთი ნახტომებით გაიზარდოს აქციზი გადასახადი.
ამის გამოცდილება არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში. როდესაც ვიღებთ სიტუაციას, რომ აქციზის გაზრდა იწვევს უარყოფით ცვლილებებს ბაზარზე, მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა გადახედოს საგადასახადო პოლიტიკას და დააკორექტიროს განაკვეთი.
ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა პირვანდელი შედეგები, რაც შემოსავლების სამსახურს აქვს გაყიდული აქციზური მარკებიდან გამომდინარე, პირველ სამ თვეში ბიუჯეტში შესული თანხებიდან გამომდინარე, ნათელყოფს სურათს, რომ კანონიერი ბაზარი მცირდება და ეს არ არის განპირობებული იმით, რომ მომხმარებელი თამბაქოს მოწევას თავს ანებებს, არამედ იმიტომ, რომ არის გაზრდილი კონტრაბანდული თამბაქოს შემოდინება, რომელიც არსად არ ფიქსირდება”, - აცხადებს ივა ხასია.

























