"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მისი ავტორები და ინიციატორები კი "ოცნების" პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, ვახტანგ თურნავა და გიორგი ბარვენაშვილი არიან.
ორივე კომიტეტის სხდომაზე საკითხი ერთ-ერთმა ინიციატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა წარადგინა. მისი განმარტებით, 2025 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის/განლაგების მოთხოვნები, მათ შორის, შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები და აღნიშნული წესი გავრცელდა სიგარილაზეც. მისი თქმით, თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება. შესაბამისად, სიგარილას შეფუთვაზე, შეფუთვის სტანდარტიზების მოთხოვნების გავრცელება ტექნიკურად რთული და ეკონომიკურად არაგონივრულია.
ამიტომ ცვლილების მიღების შემთხვევაში, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც სიგარაზე ვრცელდება. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის.
„იმპორტიორები წააწყდნენ სერიოზულ პრობლემას მწარმოებლებთან, რადგან იმ მინიმალური რაოდენობის პროდუქციის ახალი შეფუთვით ბეჭდვა და დამზადება, რასაც საქართველოს ბაზარი მოიხმარს, მათ ეკონომიკურ ინტერესში არ შედის და ამიტომ უარს აცხადებენ წარმოებაზე. ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისი განმარტებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ამ საკითხზე არგუმენტირებული პოზიცია წარუდგინა, რაც ადასტურებს ბიზნეს სექტორისათვის ცვლილებების საჭიროებას. მისივე თქმით, ევროკავშირის უმრავლესმა ქვეყანამ, რომელმაც სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა დანერგა, სიგარილასა და სიგარაზე გამონაკლისები გაავრცელა.
ცვლილებების შედეგად თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის, გამარტივდება წარმოების პროცესი, ასევე, შემცირდება იმპორტიორებისთვის დამატებითი ხარჯები, გაუმჯობესდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მდგომარეობა.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა მოსალოდნელია.
„ვინაიდან სიგარილაზე აღარ გავრცელდება სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულება, შესაბამისად აღარ მოხდება პოტენციური სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება და პოტენციური ჯარიმების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასახვა. ამასთან, პოტენციურად მწარმოებლები და იმპორტიორები, რომლებზედაც ვრცელდება კანონპროექტი, შეძლებენ დამატებითი შემოსავლების მიღებას და შესაბამისი გადასახადები აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში“.
ამასთან, კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს სიგარილას მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, რადგანაც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების რეგულაციები სიგარილაზე არ გავრცელდება.
„შესაბამისად, სიგარილას მწარმოებლებსა და იმპორტიორებს აღარ მოუწევთ ხარჯების გაწევა თავიანთი პროდუქციის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გარდა ამისა, აღარ მოხდება პოტენციური სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება და შესაბამისი სუბიექტების მიერ პოტენციური ჯარიმების გადახდა“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.




























