მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედება, შესაძლოა, გადავადდეს - კანონპროექტი

62b2e6178dfba
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.22 13:35
969
საქართველოს პარლამენტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაციის მოთხოვნის გადავადების შესახებ ინიციატივას განიხილავს.  კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული არიან. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ვალდებულება 2 წლით გადავადდება. 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა გამარტივებული წესით, ანუ ერთი მოსმენით მოხდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ გადავადება უკრაინაში არსებულ ომს უკავშირდება, რადგანაც საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის 80%-ზე მეტი სწორედ უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ საქმიანობა ფაქტობრივად შეაჩერეს და თამბაქოს იმპორტიორებს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების გადაწყობა მოუწიათ. განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ გადაწყობას და ძველი სიმძლავრეების აღდგენას 12-24 თვე დასჭირდება, რის გამოც ამ პერიოდში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი შეფუთვის არსებული მოდელით უნდა გაიყიდოს. კანონპროექტი ამ ნორმის ამოქმედებას 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს. 

"კომპანიების განმარტებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა, იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.

ნორმალურ პირობებში, მსგავსს ახალ შეზღუდვასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოების გადაწყობა სექტორისთვის საკმაოდ გრძელვადიან მოსამზადებელ და გადაიარაღების პროცესს გულისხმობს, რომლის დასაწყებად აუცილებელი იყო ტექნიკური რეგლამენტის არსებობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ქარხნებში ამ მომენტისთვის წარმოება მიმდინარეობს ე.წ საგანგებო რეჟიმში, რადგან წარმოების მსგავსი დანაწევრება არ წარმოადგენს კომპანიების ნორმალურ პრაქტიკას და იმისათვის, რომ მოხდეს სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, პირველ რიგში უნდა მოხდეს წარმოების ნორმალიზება, რასაც საჭიროებს 12-24 თვემდე ვადას,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

სტანდარტული შეფუთვის ამოქმედების შემდეგ, თამბაქოს ნაწარმი უნიფიცირებული შეფუთვით უნდა გაიყიდოს - მთავრობის განკარგულებით სიგარეტის ყველა კოლოფი უნდა იყოს პანტონი (ღია რუხი 2C) ფერის და მასზე ბრენდის სახელი უნდა იყოს დაწერილი მხოლოდ ქართულადმ უნიფიცირებული ფორმატით, რომლის ფონტიც 14-ის ზომის უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები